ნანი დარწმუნებულია, რომ რონალდუ 2030 წლის მუნდიალზეც ითამაშებს
უკანასკნელი ათწლეულის ერთ-ერთი საუკეთესო პორტუგალიელი ფეხბურთელი, ლუიშ ნანი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიო ჩემპიონატზე 45 წლის ასაკშიც ითამაშებს.
2030 წელს მუნდიალი პორტუგალიაში, ესპანეთსა და მაროკოში გაიმართება. მაგ დროისთვის, პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი 45 წლის იქნება.
„ეჭვიც არ მეპარება! ის აპირებს განსხვავებული დიეტა დაიცვას, რათა ფორმაში იყოს. იმედი ვიქონიოთ, რომ ის ჯერ კიდევ იქნება იქ და გოლებს გაიტანს“, - თქვა პორტუგალიელმა.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ნანიმ კარიერა რამდენიმე დღის წინ დაასრულა.
ხანგრძლივი კარიერის მანძილზე, ნანი „სპორტინგის“, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ფენერბაჰჩეს“, „ვალენსიას“, „ლაციოს“, „ორლანდო სიტის“, „მელბურნის“, „ადანასპორტისა“ და „ესტრელა ამადორას“ ღირსებას იცავდა, რომელთა რიგებშიც საერთო ჯამში გამართულ 622 მატჩში 128 გოლი გაიტანა.
პორტუგალიელმა ვინგერმა საუკეთესო პერიოდი „მანიუში“ გაატარა, სადაც 4-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ქვეყნის ლიგის თასი, 4-ჯერ ქვეყნის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.