დიდი ქამბექი - ვლადიმირ კლიჩკო რინგზე ბრუნდება?
ლეგენდარული უკრაინელი მოკრივე, ვლადიმირ, რომელიც მძიმე წონაში დიდხანს დომინანტობდა, შესაძლოა მხოლოდ ერთი საჩემპიონო ჩხუბისთვის, რინგზე დაბრუნდეს.
ამ ინფორმაციას უკრაინული მედია საუდის არაბეთის გართობის გენერალური სამმართველოს ხელმძღვანელის, ტურკი ალ აშ-შეიხის მიმართვაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც თავის მხრივ, ავტორიტეტულმა რესურსმა - Fight Hub TV-მა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„მინდა რინგზე კიდევ ერთხელ გიხილო, რათა მსოფლიო ჩემპიონობის შანსი მოგეცეს“, - ასე მიმართა არაბმა მაღალჩინოსანმა კლიჩკოს.
მედიის ცნობით, ალ-შეიხმა ყოფილი მოკრივე დაარწმუნა, რომ ის WBC-ს, IBF-ს, WBA-სა დ WBO-ს მიმართავს, რათა კლიჩკოს ჩხუბის შესაძლებლობა მისცენ.
თავად 48 წლის კლიჩკოს პოზიცია ჯერჯერობით უცნობია.
თავის მხრივ, პრომოუტერი ტომ ლეფლერი, რომელმა თავის დროზე ძმებ კლიჩკოებთან ერთად, K2 Promotions-ი დააარსა, ვლადიმირის რინგზე დაბრუნებას არ გამორიცხავს.
„ვლადიმირი რაღაც მომენტში ოცნებობდა, რომ ჯორჯ ფორმანის რეკორდი მოეხსნა და მძიმე წონაში ყველაზე ხანდაზმული ჩემპიონი გამხდარიყო“, - უთხრა ლეფლერმა Sky Sports-ს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ კლიჩკომ ბოლო ბრძოლა 2017 წლის 29 აპრილს გამართა. უკრაინელი მოკრივე ენტონი ჯოშუასთან ნოკაუტით დამარცხდა, რის შემდეგაც მან კარიერა ოფიციალურად დაასრულა.