მინდა კვარას ბოდიში მოვუხადო | იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩაზე ისაუბრა
იტალიელმა ჟურნალისტმა ლუკა ჩერკიონემ, რომელიც 1 Station Radio-ს დირექტორი და კომენტატორია, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და მას ბოდიში მოუხადა.
„მინდა კვარაცხელიას ბოდიში მოვუხადო, „ლაციოსთან'' მისი თამაში უარყოფითად შევაფასე, ვთქვი რომ ჯიუტად მოქმედებდა და თანაგუნდელებს მხოლოდ ცუდ პასებს აძლევდა. ახლა როცა გავიგეთ, რომ ტრავმის მიუხედავად მოედანზე დარჩა და მის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო კოლომბოს ჯარიმა არ დაუფიქსირებია, იძულებული ვარ ბოდიში მოვუხადო და მისი თამაში თავიდან შევაფასო. მის თამაშზე გავლენას კონტრაქტთან დაკავშირებული ვითარება ახდენს. ასევე, ანტონიო კონტეს ტაქტიკური მოთხოვნები’’.
„ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა. სავარაუდოდ, მიმდინარე წელი მისთვის დასრულებულია, რეაბილიტაციის პროცესს გადის.
რაც შეეხება კვარას თამაშს „ლაციოსთან'', ანტონიო კონტეს პრაგმატული ფეხბურთიდან გამომდინარე „ნაპოლი'' ბევრ მომენტს ვერ ქმნის, თუმცა ამის მიუხედავად ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ აქტიური იყო, რამდენიმე ეპიზოდში უმაღლესი კლასი აჩვენა. ასევე, მის წინააღმდეგ უხეშად მოქმედებდნენ, რის გამოც პირველი ტაიმის მიწურულს მცირე ხნით მოედანი დატოვა. გთავაზობთ, კვარას საუკეთესო მომენტებს აღნიშნული მატჩიდან.
კვარას წინააღმდეგ უხეშად მოქმედებები თითქმის ყოველ მატჩში თვალშისაცემია. „ლაციოსთან'' მატჩის შემდეგ ამ თემაზე იტალიელმა კომენტატორმა კარლო ალვინომ ისაუბრა. ალვინო გამოეხმაურა ტრავმას, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო და განაცხადა, რომ ტალანტების დაცვაა აუცილებელი, რასაც სერია A-ს მსაჯები არ აკეთებენ.
„ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა მიმდინარეობს. ნაპოლის მეტოქე გუნდების მწვრთნელები ტაქტიკურ გადაადგილებებს კი არ მიმართავენ, თავიანთ ფეხბურთელებს ეუბნებიან კვარას ეუხეშონ. ხვიჩას პირველივე დღიდან ეუხეშებიან და მსაჯებს ეს უბრალოდ არ აინტერესებთ. არადა, ტალანტები უნდა დავიცვათ“.
მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა.