„კვარაზე ნადირობა მიმდინარეობს“ | კარლო ალვინო ხვიჩას ტრავმას გამოეხმაურა
იტალიელმა კომენტატორმა, კარლო ალვინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ალვინო გამოეხმაურა ტრავმას, რომელიც ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო და განაცხადა, რომ მისნაირი ტალანტების დაცვაა აუცილებელი, რასაც სერია A-ს მსაჯები არ აკეთებენ.
„ძალიან გაბრაზებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კვარაცხელიაზე ნადირობა მიმდინარეობს. ნაპოლის მეტოქე გუნდების მწვრთნელები ტაქტიკურ გადაადგილებებს კი არ მიმართავენ, თავიანთ ფეხბურთელებს ეუბნებიან კვარას ეუხეშონ. ხვიჩას პირველივე დღიდან ეუხეშებიან და მსაჯებს ეს უბრალოდ არ აინტერესებთ. არადა, ტალანტები უნდა დავიცვათ“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, ქართველ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის მყესის დაჭიმულობა დაუდგინდა. „პარტენოპეი“ „კვარას“ დაბრუნების ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ ცნობილია, რომ ხვიჩა წლეულს გუნდს ვეღარ დაეხმარება.
ანტონიო კონტეს ბიჭებს 15 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებენ. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 14 დეკემბერს გამართავს და თბილისის დროით, 21:00-ზე, სტუმრად „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.