მილანმა დიდების დარბაზში სამი ფეხბურთელი შეიყვანა
მილანმა დიდების დარბაზში სამი ფეხბურთელი შეიყვანა. როსონერის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დიდების დარბაზში შეყვანის პატივი მარკო ვან ბასტენს, ანდრეი შევჩენკოსა და ფილიპო ინძაგის ერგოთ.
გადაწყვეტილება გულშემატკივრებს შორის ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე მიიღეს. საპატიო ცერემონია „სან-სიროზე“ 15 დეკემბერს, „ჯენოასთან“ მატჩამდე გაიმართება, რაც კლუბის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ნაწილს წარმოადგენს. სამივე ფეხბურთელს კომპანია Tiffany & Co.-ს მიერ დამზადებული თასები პრიზები გადაეცემათ.
ვან ბასტენი „მილანს“ 1987 წელს შეუერთდა და „როსონერისთან“ ერთად სამჯერ სერია ა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და ორჯერ კონტინენტთაშორისი თასი მოიგო. ინდივიდუალურ დონეზე ვან ბასტენის შეუდარებელი თამაში დაფასდა 3 „ოქროს ბურთით“, იტალიის სერია ა-ს 2 „ოქროს ბუცით“ და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოთი.
რაც შეეხება შევჩენკოს, ის „მილანში“ 1999 წელს გადავიდა და 322 მატჩში „როსონერის“ მაისურით 175 გოლი გაიტანა, მათ შორის გადამწყვეტი პენალტი „იუვენტუსის“ კარში 2003 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იტალიაში შევჩენკომ თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, სერია ა, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო.
ფილიპო ინძაგი „მილანს“ კარიერის პიკზე შეუერთდა და გულშემატკივრების ერთ-ერთი ფავორიტი გახდა. „სუპერპიპოს“ მილანურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, როდესაც მან „ლივერპულს“ 2 გოლი გაუტანა. საერთო ჯამში „როსონერის“ მაისურით ინძაგიმ 300 მატჩში 126 გოლი გაიტანა და 2-2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, სერია ა და უეფას სუპერთასი, ხოლო თითოჯერ - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი.