ენერგია გამოელია - აგასმა ჯოკოვიჩზე ისაუბრა
ბევრი ვარაუდობდა, რომ წარუმატებელი 2024 წლის შემდეგ, 37 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩი კარიერის დასრულებაზე იფიქრებდა, თუმცა როგორც სერბმა ჩოგბურთელმა განაცხადა, ის გრძნობს, რომ ჯერ კიდევ შეუძლია უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა და გულშემატკივრებისთვის ისეთივე სიხარულის მინიჭება, როგორსაც ბოლო წლების განმავლობაში ანიჭებდა. აბსოლუტურად საპირისპირო აზრზეა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელი ანდრე აგასი, რომელსაც კარიერის მანძილზე დიდი სლემის ტურნირები რვაჯერ აქვს მოგებული.
რას ამბობს აგასი
ნოვაკმა იმდენად წარმატებული წლები მოიტოვა უკან, რთული წარმოსადგენია, მომავალში რაღა უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, რომ მას ძალა და ენერგია გამოელია, ამ ყველაფერს კი მოტივაციის დაკარგვაც ემატება.
რატომ დაკარგა მოტივაცია? იმიტომ, რომ იმ ჩოგბურთელებმა, რომლებიც საკუთარი არსებობით მას კიდევ უფრო ძლიერს ხდიდნენ, კარიერა დაასრულეს. ბუნებრივია, როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს ვგულისხმობ.
იცით, რა დამემართა, როდესაც პიტ სამპრასი ჩოგბურთიდან წავიდა? თითქოს ენერგიის წყარო დავკარგე და რამდენიმე წლით უკან დავბრუნდი. მგონია, რომ ჯოკოვიჩსაც ანალოგიური საფრთხე ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ ანდრე აგასს ავსტრალიის ღია პირველობა 4-ჯერ აქვს მოგებული, თითოჯერ კი როლან გაროსის, უიმბლდონისა და ამერიკის ღია პირველობის ტრიუმფატორი გახდა.