გორელების დომინაციით - უმცროსი-პეტრიაშვილის ვერცხლი
გორის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს თასის გათამაშება 23-წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის ადგილობრივი სპორტსმენების დომინაციით ჩატარდა. გორელმა მოჭიდავეებმა შეჯიბრება 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს და საერთო გუნდურ ჩათვლაშიც პირველი ადგილი დაიკავეს.
გამარჯვებულები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ და როგორც უკვე მოგახსენეთ, ხუთ მათგანში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ტურნირის მასპინძელი ქალაქის წარმომადგენელი ავიდა. გორელი მოჭიდაავებიდან ოქროს მედალი ნიკოლოზ ზანგალაძემ (57 კგ), ომარ გაზაშვილმა (61 კგ), გოგა ოთინაშვილმა (65 კგ), დავით ფაცინაშვილმა (70 კგ) და მერაბ სულეიმანაშვილმა (97 კგ) მოიპოვეს. ამ უკანასკნელის წონაში გამოდიოდა ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა კონსტანტინე პეტრიაშვილი, რომელიც ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.
დანარჩენ ხუთ წონით კატეგორიაში საქართველოს თასის მფლობელები საჩხერელი ლუკა ჩხიტუნიძე (74 კგ), ამბროლაურელი გიორგი გოგრიჭიანი (79 კგ), ონელი თორნიკე სამხარაძე (86 კგ), ქარელელი ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და ბოლნისელი გიგა შავაძე (125 კგ) გახდნენ.