Sport Bild: კარლსრუე ბუდუს ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ბუდუ ზივზივაძეს კარლსრუესთან კონტრაქტი ამოეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.
რა თქმა უნდა, გერმანულ გუნდს მისი შენარჩუნება სურს და ახალ კონტრაქტს ამზადებს. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა Sport Bild ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კარლსრუე ქართველ ფეხბურთელს 2-წლიან ხელშეკრულებას და გაცილებით უკეთეს ანაზღაურებას შესთავაზებს. გადაწყვეტილება კი თავად ბუდუმ უნდა მიიღოს. გამოცემა წერს, რომ ზივზივაძის ამჟამინდელი ანაზღაურება წელიწადში 450 000 ევროა.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ქართველი გერმანულ გუნდში 2023 წლის 31 იანვრიდან თამაშობს. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 59 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 24 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.
განსაკუთრებით წარმატებულია წლევანდელი სეზონი. ბუდუმ გერმანიის ბუნდესლიგა 2-ში 9 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ/მეორე ადგილს ლიდბერგთან ინაწილებს, რომელსაც იდენტური სტატისტიკა აქვს.