„ფეხბურთელებს ვუთხარი, დაცვაში ზრდასრულებივით, ხოლო შეტევაში ბავშვებივით ეთამაშათ“ - სანიოლი ევრო 2024-ზე
უეფას ვებგვერდი საქართველოში ფეხბურთის განვითარებაზე და ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მიერ მიღწეულ წარმატებასთან მის კავშირზე წერს.
ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრები პლეიოფში ჩავიდა და ტურნირის ერთ-ერთ აღმოჩენად იქცა. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრები პირველად თამაშობდა, თუმცა ვილი სანიოლის გუნდმა აჩვენა დაცვაში დისციპლინური თამაში, შეტევაში კი მრავალფეროვნება, და მერვედფინალში მომავალ ჩემპიონებთან, ესპანეთის ნაკრებთან დამარცხდა (1:4).
ვილი სანიოლი:
„ისტორია, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად დავწერეთ, ყველაზე ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რომელიც შეიძლება წარმოგვედგინა. ფეხბურთელებმა თავიანთი კარგი თამაშით ქართველ ხალხს ახალი იმედი და ოპტიმიზმი გაუჩინეს.
ვიცოდით, რომ ევროპის ჩემპიონატს ვერ მოვიგებდოთ, ამიტომ ჩვენი მიზანი ევროპის საფეხბურთო რუკაზე საქართველოც წარმოჩენილიყო, ხოლო ჩვენს გულშემატკივრებს ნაკრების თამაშით ეამაყათ.
არ მინდოდა, ფეხბურთელები რთული ტაქტიკური დავალებებით გადამეტვირთა, ამიტომ უბრალოდ ვუთხარი, დაცვაში ზრდასრულებივით, ხოლო შეტევაში ბავშვებივით ეთამაშათ. დაცვაში ორგანიზებულად და სოლიდურად უნდა ითამაშო, სტრუქტურა უნდა შეინარჩუნო, ხოლო რაც შეეხება შეტევას, ბავშვებს შეტევაში გაქცევისას ხშირად პასების გაკეთება არ უყვართ, ისინი პირდაპირ კარისკენ მირბიან - ჩვენც ამაზე გავაკეთეთ აქცენტი“.
როგორც უეფას ვებგვერდი წერს, ამ მიდგომამ გაამართლა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან მედლების გარეშე დაბრუნდა, გულშემატკივრებს მათი თამაში კიდევ დიდხანს ემახსოვრება.
მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების ამბიციურ გეგმებზე მუშაობდა და ყურადღებას რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებდა. ესენია: ქალი და კაცი ფეხბურთელების რაოდენობის ზრდა, ელიტურ ბავშვთა ფეხბურთში ინვესტიციები, სამწვრთნელო განათლების ამაღლება და დიდი ტურნირების მასპინძლობა. ამ უმნიშვნელოვანეს, სტრატეგიულ ასპექტებში დროის, ძალისხმევისა და რესურსების ჩადებას ახლა წარმატება მოაქვს.
სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი:
„როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ჩემი გუნდის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევა ბავშვთა ფეხბურთის აღორძინება და გაძლიერება იყო, იმიტომ რომ საფეხბურთო პირამიდის საძირკველში სწორედ ბავშვთა ფეხბურთია. უეფას დახმარებით ამ მიმართულებით და სამწვრთნელო განათლების ამაღლების მიმართულებით ბოლო 10 წელიწადში არაერთი პროექტი განვახორციელეთ და სწორედ ეს გახდა ქართული ფეხბურთის პროგრესის საწინდარი“.
ფეხბურთელების რიცხვის ზრდისთვის მნიშვნელოვანი იყო ფეხბურთის პოპულარობის ზრდა. 2015-2021 წლებში საქართველოში რეგისტრირებული მამრობითი სქესის ფეხბურთელების რიცხვი 14 676-დან 37 600-მდე გაიზარდა, ხოლო მდედრობითი სქესის ფეხბურთელების რიცხვი -- 10-ზე მეტჯერ. ამაში დიდი დამსახურება UEFA Grow-ის პროგრამას მიუძღვის.
როგორც კობიაშვილი ამბობს, აკადემიების მთავარი დანიშნულება პროფესიული ფეხბურთის გაძლიერებაა.
„აკადემიებში ნათამაშებმა ფეხბურთელებმა ასაკობრივ ნაკრებებში თამაში უნდა შეძლონ. ესაა აკადემიების მთავარი პრინციპი - ჩვენ პატარა ასაკიდან ვწვრთნით ფეხბურთელებს, რათა ისინი ეროვნული ნაკრებისთვის მოვამზადოთ“.