„იმედია, მე და მერაბი მოგებებს ქართული და სომხური ცეკვებით ვიზეიმებთ“ | არმან ცარუკიანი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლი, არმან ცარუკიანი არიელ ჰელვანის ესაუბრა. ცარუკიანი მომდევნო ჩხუბს ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ გამართავს და მათი ორთაბრძოლა UFC 311-ზეა ჩანიშნული, რომელზეც მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირებასაც ვიხილავთ.
„ვთვლი თუ არა, რომ მე და მერაბი ერთად ვართ უმარისა და ისლამის წინააღმდეგ? კი, ნამდვილად ასე ვფიქრობთ და უნდა გავიმარჯვოთ. დვალიშვილი ქართველია, მე კი სომეხი, რომელიც საქართველოში დაიბადა. ახლო ურთიერთობა გვაქვს, ერთადაც გვივარჯიშია და ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ.
იმედი მაქვს, UFC 311-ის საღამოს, ჩვენს გამარჯვებებს ქართული და სომხური ცეკვებით აღვნიშნავთ. საქართველოში დიდ დროს ვატარებ. ჩემი ნათესავები იქ ცხოვრობენ და საქართველოში უფრო ხშირად ჩავდივარ, ვიდრე სომხეთში”.
შეგახსენებთ, რომ ცარუკიანს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 3 წაგებაა. მან და ისლამმა 2019 წელს იჩხუბეს და მახაჩევმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.