ფელდჰოფერმა დინამო თბილისი დატოვა - განიხილება რამდენიმე კანდიდატი
„დინამო თბილისი“ ავსტრიელ მთავარ მწვრთნელს ფერდინანდ ფელდჰოფერს დაემშვიდობა - მხარეებს შორის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ავსტრიელი სპეციალისტი კარიერას ბელგიაში, კერძოდ კი, „სერკლ ბრიუგეში“ გააგრძელებს.
როგორც კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, „დინამო თბილისი“ მადლობას უხდის ფერდინანდ ფელდჰოფერს კლუბში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებას უსურვებ მას მომავალ საქმიანობაში.
ასევე განცხადებაში ნათქვამია, რომ „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე კლუბის შიდა სისტემიდან რამდენიმე კანდიდატი განიხილება. აღნიშნული სიახლის შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ.
შეგახსენებთ, რომ 45 წლის ავსტრიელი მწვრთნელი „დინამოსთან“ მუშაობას მიმდინარე წლის ივნისში შეუდგა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაასრულა - Crystalbet ეროვნულ ლიგაში „დინამო“ მე-7 პოზიციაზე გავიდა, დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში კი „სპაერთან“ პენალტებით დამარცხდა.
ფოტო: დინამო თბილისი