„თუ ბოდიშს არ მოიხდის, მოხვდება“ | მერაბი მზადაა უმარს დაღესტანში ჩააკითხოს
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო. მთავარი თემა, რომელზეც „მანქანამ“ ილაპარაკა, მომდევნო ორთაბრძოლა გახლავთ. დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს და მერაბი მისგან ბოდიშს ელოდება.
„როგორც კი ვთქვი, რომ თებერვალში მინდოდა ჩხუბი, უმარმა დაიწყო ლაპარაკი, თითქოს მასთან ორთაბრძოლას თავს ვარიდებდი და ა.შ. ამის შემდეგ, მან, ჩემი მისამართით, უამრავი ცუდი სიტყვა თქვა. შეგიძლიათ, მოძებნოთ და ნახოთ, რა განცხადებები გააკეთა.
უმარმა X-ის საკუთარ გვერდზე შეურაცხყოფა მომაყენა და როცა შევხვდი, ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი, მითხრა: „ასე მინდოდა, რამე პრობლემა გაქვს?“ 20 წუთის შემდეგ, ნურმაგომედოვს განსხვავებული ქცევები ჰქონდა და პრესკონფერენციაზე მოიტყუა, თითქოს ჩემ მიმართ, ჩემი ქვეყნის მიმართ და ჩემი ხალხის მიმართ უპატივცემულობა არასდროს გამოუჩენია. ის მატყუარა და ნეხვის გროვაა. კაცები ასე არ იქცევიან. ადრე, ამ ბიჭს შევხვდი და ვუთხარი, ერთ დღეს აუცილებლად ვიჩხუბებთ-მეთქი, მან კი სოციალურ ქსელებში ჩემი შეურაცხყოფა დაიწყო.
არ მინდა, UFC-ს პრობლემები შევუქმნა და უმარი ჩხუბამდე ვცემო, რადგან ეს თავის გასამართლებელ მიზეზს მისცემს და შეიძლება, ბრძოლასაც ჩაეხსნას. სამაგიეროდ, არის შანსი, ორთაბრძოლის შემდეგ, სახეში მოხვდეს, რადგან ოქტაგონზე რაც ხდება, სპორტია და არა ნამდვილი ჩხუბი. თუ უმარი ბოდიშს არ მომიხდის, სახეში მოხვდება. დაღესტანში ჩასვლაც რომ მომიწიოს, წავალ. დაღესტანი და დაღესტნელი ხალხი მიყვარს. დაღესტნელი მეგობრებიც მყავს და ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ უმარმა შეცდომა დაუშვა და ამაზე პასუხი უნდა აგოს. ნურმაგომედოვი კარგი მებრძოლია, მაგრამ კარგი ადამიანი არაა“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის ორთაბრძოლა გახლავთ. UFC 311-ს თბილისის დროით, 19 იანვარს ვიხილავთ.