გოგამ იანისს გადაატენა | ბითაძის ჩატენვები და ორმაგი დუბლი მილუოკისთან
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“, შიდასასეზონო ტურნირის, NBA-ის თასის მეოთხედფინალში, „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. საფინალო სირენამდე 1 წუთითა და 13 წამით ადრე, „ორლანდო“ 106:103-ს იგებდა, მაგრამ დემიენ ლილარდს ვერაფერი მოუხერხა და „ბაქსმა“ 114:109 იმარჯვა.
ბითაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 38 წუთი გაატარა. ქართველი ცენტრი რამდენიმე ეფექტური მომენტის მონაწილე იყო და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ გაფორმებული ჩატენვაა. გოგამ ბერძენი სუპერვარსკვლავი არ შეიმჩნია და ბურთი გადაატენა, თუმცა, „გრიკ ფრიკმა“ პასუხი მალევე დაუბრუნა.
ბითაძის სტატისტიკას რაც შეეხება, გოგამ ორმაგი დუბლი გაიფორმა, რაც ზედიზედ მეორე შეხვედრაში გააკეთა - 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება. ქართველმა ცენტრმა 13-დან 6 ბურთი ჩააგდო, 5 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა და წესები 5-ჯერ დაარღვია.
ფრანც ვაგნერისა და პაოლო ბანკეროს არყოფნაში, „ორლანდოს“ რიგებში 32 ქულით ჯეილენ საგსი გამოირჩა. ენტონი ბლეკს 17 ქულა ჰქონდა, მო ვაგნერს - 13. „მილუოკის“ მხრიდან საუკეთესო იანისი იყო - 37 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება. დემიენ ლილარდმა, რომელმაც „ბაქსის“ ბოლო 11 ქულიდან 9 მიითვალა, 28 ქულა და 9 ასისტი დააგროვა.
GIANNIS WITH AUTHORITY. pic.twitter.com/xf30f5wDlb
— Milwaukee Bucks (@Bucks) December 11, 2024
ცნობისთვის, „ორლანდოს“ 17 მოგება და 10 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 გახლავთ. „მეჯიქი“ მომდევნო მატჩს 20 დეკემბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ოკლაჰომა სითი თანდერს“ შეხვდება.