ჩვენი დღე არ იყო, კრიტიკა უნდა მივიღოთ - გურამ კაშია ჟილინასთან მარცხის შემდეგ
სლოვაკეთის ფორტუნა ლიგაში „ჟილინამ’’ შინ ჩემპიონ „სლოვანს’’ 2:1 მოუგო. გურამ კაშიამ სტუმართა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისი და მისი თანაგუნდელების მიმართ კრიტიკა სამართლიანი იყო.
„ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, ჩვენი საღამო არ იყო. ბევრი რამ ისე არ წავიდა, როგორც ჩვენ გვსურდა და რაც ჩვენს გეგმებში იყო. კარგი ენერგია, კარგი ემოციები და კარგი სულისკვეთება არ გვქონდა. განსაკუთრებით, ეს პირველ ტაიმზე ითქმის. თუ მწვრთნელებისა და ქომაგების მხრიდან კრიტიკა არის, უნდა მივიღოთ. ზოგჯერ ცუდი დღე გაქვს... შეცდომები, გამოუყენებელი შანსები.
მარცხის მიზეზი ბევრია, ერთ-ერთი მიზეზი გრძელი სეზონია, ბევრი თამაში გვაქვს, მაგრამ ეს თამაში განსაკუთრებული იყო. უკეთ უნდა ვითამაშოთ.
მარცხი ბოლო წუთზე ყოველთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. ახლა „ჟილინას'' მხოლოდ 1 ქულით ვუსწრებთ’’.
გურამ კაშია აღნიშნულ მატჩში პირველი გოლის ეპიზოდში შეცდა, არადამაჯერებლად იმოქმედა.
37 წლის გურამ კაშიამ ყველა ტურნირის ჩათვლით მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 2 გოლია. ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაშია, თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო მოსალოდნელია, რომ ზოგჯერ თამაშებს ჩააგდებს. მოგეხსენებათ, „სლოვანი'' პარალელურად ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის.