5 გოლი 12 მატჩში - ფეიქრიშვილის დუბლი ოლექსანდრიასთან (U19)
საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ტრავმა მოირჩინა, დაბრუნდა, კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდში რამდენჯერმე ითამაშა და გასულ ტურში „ოლექსანდრიას’’ დუბლი შეუსრულა.
18 წლის ტალანტმა ამ სეზონში კიევის „დინამოს’’ 19-წლამდე გუნდში 12 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ტრავმის გამო რამდენიმე საკლუბო მატჩთან ერთად ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამოტოვა.
UEFA-ს ახალგაზრდულ ლიგაზე ფეიქრიშვილმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, „მარიბორს’’ თავით გაუტანა. მოკლედ, 6 ნომრის პოზიციაზე თამაშის მიუხედავად შედეგიანი თამაშით გამოირჩევა. ხვალ, 11 დეკემბერს კიევის „დინამოს'' 19-წლამდე გუნდი ახალგაზრდული ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო მატჩში კოსოვოს წარმომადგენელ „2 კორიკუს'' 19-წლამდე გუნდს ესტუმრება. პირველი მატჩი ლექსოს გუნდმა 5:0 მოიგო.
მიუხედავად იმისა, რომ ლექსო 6 ნომერზე თამაშობს, გოლებს ხშირად იტანს. 2024 წლის კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში თბილისის „დინამო 2''-ში 9 თამაშში 5 გოლი გაიტანა, ზაფხულში უკრაინულ კლუბში გადავიდა და უკრაინის 19-წლამდე ჩემპიონატში 12 შეხვედრაში 5 გოლი შეაგდო. პენალტის დარტყმა კარგად გამოსდის, თუმცა აღნიშნული გოლებიდან ყველა სათამაშო ვითარებაში გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც 2023 წელს The Guardian-ის მიერ შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ტალანტების სიაში ვიხილეთ, გასულ ზაფხულში კიევის „დინამოსთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ლექსო ზამთრის შეკრებას პირველ გუნდთან ერთად დაიწყებს.