მსოფლიო ფეხბურთს ისტორიაში არაერთი ტალანტი გვინახავს, რომლებმაც ვერ გაამართლეს. ხშირად გვსმენია ნარატივები: „ის ახალი მესია, ახალი რონალდინიო, ახალი ზიდანია..“
დღეს მინდა იმ ყოფილ ფეხბურთელზე დეტალურად გიამბოთ, რომელსაც 2009 წელს ახალი ზიდანი უწოდეს.. იოან გურკუფი - კაცი, რომელსაც დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა..
2009 წელს, 23 წლის ნახევარმცველი ცოცხალ ლეგენდას შეადარეს. რატომ? ბევრი მსგავსება იყო.. გურკუფიც და ზიდანიც მოედანზე ერთსა და იმავე ტერიტორიას იკავებდნენ, ორივემ ბორდოსთან ერთად საერთაშორისო ასპარეზზე ითამაშა, გარკვეულწილად სათამაშო სტილიც კი ერთნაირი იყო..
რეალურად ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ დიდი ზეწოლა იყო. სწორედ ამ საკითხზე ზიდანმა ღიად განაცხადა: „ნუ მოახდენთ ზეწოლას გურკუფზე და ნუ სთხოვთ, რომ იყოს ახალი ვინმე. ყველა ვხედავთ, რომ ის ძალიან ნიჭიერია..“
გურკუფმა ვერასდროს შეძლო იმ პოტენციალის გამართლება, რომელიც მას ჰქონდა. რთულია გაუტოლდე ზიდანს. ეს გადაულახავ ბარიერს ქმნიდა, თუმცა მისი გამოსვლა საფრანგეთის ჩემპიონატში იმედისმომცემი იყო..
2006 წლის მუნდიალის შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში სიცარიელე გაჩნდა. გუნდი გადაბერებული იყო, რაც შემდეგი ტურნირების შედეგებშიც აისახა.. 2008 წელს მამლები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩნენ და იგივე დაემართათ 2010 წლის მუნდიალზე.. ამაზე ოდნავ მერე მოგახსენებთ, რადგან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გურკუფის დაღმასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო..
დასაწყისი
1992 წელს 6 წლის პატარა ბიჭი ლორიენის აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც 9 წელი გაატარა და შემდეგ რენში გადავიდა. 2 წელი სარეზერვო გუნდში გაატარა, ხოლო შემდეგ პირველ გუნდში გამოიძახეს. ისტორია სწორედ აქ იწყება..
მისი თამაში აღფრთოვანებას იწვევდა და ძალიან მალე ევროპული კლუბების ინტერესი გამოიწვია. შორს, რომ არ წავიდეთ, 2005 წელს იოანის გადაბირება ვარსკვლავებით გადატენილ რეალში ფლორენტინო პერესს სურდა, მაგრამ ფრანგი ფეხბურთელის გარემოცვა იაზრებდა იმ ფაქტს, რომ სათამაშო დრო ცოტა ექნებოდა და მის ასაკში სკამზე ჯდომა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა..
მიუხედავად ასეთი მიდგომისა, გურკუფმა მაინც სარისკო გადაწყვეტილება მიიღო და კარლო ანჩელოტის მილანში გადაწყვიტა თამაში, სადაც მასობრივ კონკურენციაში მოხვდა. წარმოიდგინეთ, 2006 წელს მილანში პირლო, ზეედორფი, გატუზო, კაკა და ამბროზინი ირიცხებოდნენ..
როსონერიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მაგრამ ამაში დიდი წვლილი გურკუფს არ შეუტანია. მაგალითად, ბაიერნთან მეოთხედფინალში ორი მატჩის ჯამში მხოლოდ 15 წუთი ითამაშა, ნახევარფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან 6 წუთი, ხოლო ფინალში შანსი არ მიეცა. 90 წუთი მხოლოდ მერვედფინალში სელტიკის წინააღმდეგ ითამაშა და თავი ვერაფრით გამოიჩინა..
გურკუფმა პირველ მილანურ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. მეორე სეზონში სათამაშო დრო მკვეთრად შემცირდა.
ყველა ტურნირზე 20 მატჩი, 1 გოლი 2 საგოლე პასი. გურკუფი ძირითადად ცვლილებაზე შედიოდა. წარმოიდგინეთ, 20 სრული მატჩი 1800 სათამაშო წუთს უდრის, იოანმა კი მინდორზე 760 წუთი გაატარა, რაც ნახევარზე ნაკლებია..
პირველი კონფლიქტი
იტალიური მედია აქტიურად წერდა, რომ გურკუფს თანაგუნდელებთან ინტეგრაციის პრობლემა ჰქონდა. ამის პარალელურად კი ცუდად ვარჯიშობდა, ხშირად აგვიანებდა. თანაგუნდელებს მისი ასეთი დამოკიდებულება არ მოსწონდათ და შენიშვნას ხშირად აძლევდნენ. ეს კი ამბიციურ ფრანგ ნახევარმცველს არ მოსწონდა..
პირველი უსიამოვნება მის France Football-თან ინტერვიუს მოყვა, რომელშიც იოანმა განაცხადა:
„ჩვენ არ ვთამაშობთ იმ ფეხბურთს, რომელსაც მე მიჩვეული ვარ. ის უფრო თხევადი, ნელი და ამრეკლავია.“
სან სიროს ბინადრებმა მისი დამოკიდებულება ეჭვქვეშ დააყენეს. მაგალითად, კარლო ანჩელოტიმ გურკუფი თავის ბიოგრაფიულ წიგნში ასე დაახასიათა: „უცნაური ბიჭი, რომელიც ეგოცენტრული და ცოტა შეშლილია.“
გუნდში პირდაპირი დაპირისპირება არ მომხდარა, მაგრამ გასათვალისწინებელია ლეგენდარული პაოლო მალდინის განცხადება, რომელიც მან გურკუფის წასვლის შემდეგ გააკეთა:
„ყველა ვცდილობდით, რომ მას პრობლემები არ ჰქონოდა. დახმარებას ვცდილობდით, მაგრამ არ იღებდა. სირცხვილია, მე მეგონა, რომ ის ჩვენი საკუთარი ზიდანი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. დანაპირები დანაპირებად დარჩა. მას გაცილებით მეტი შეეძლო..“
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მალდინის საჯაროდ საუბარი არ უყვარდა და სხვის კრიტიკასაც ერიდებოდა, ეს შემთხვევა მართლაც გამოსარჩევია. წარმოიდგინეთ, რა დონეზე იყო სიტუაცია მისული, რომ პაოლომ ასე ისაუბრა..
აღმავლობა ბორდოში
ფრანგ ნახევარმცველს მილანთან კონტრაქტი 2009 წელს ეწურებოდა, თუმცა 2008 წელს იჯარის წესით ბორდოში გადავიდა. აქ იწყება გურკუფის კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი..
იოანი ახალ გუნდს შესანიშნავად მოერგო. ის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გურკუფი დაფრინავდა და მისი კარგი თამაშის ფონზე ბორდო საფრანგეთის ჩემპიონი გახდა. ეს ნამდვილი ფურორი იყო.. გამოსარჩევია გოლი პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ, რომელიც მან 2009 წლის იანვარში გაიტანა. ნამდვილი შედევრი გამოვიდა..
ეს გოლი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ გამოარჩია და საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
„ეს შემთხვევითი გოლი არ იყო. მან აჩვენა, რომ მასში რაღაც ჯადოსნური არსებობს. ზიდანის კარიერის დასრულების შემდეგ, თავს ცუდად ვგრძნობდი და გურკუფის ყურებამ განმკურნა. როცა მის მსგავს მოთამაშეებს ვხედავ, თავს ისევ პატარა ბიჭად ვგრძნობ.“
არც ტულუზას კარში გატანილი გოლი დარჩენილა უყურადღებოდ. მაგალითად, ავტორიტეტულმა გამოცემა Canal Plus-მა დაწერა: „ასეთი გოლი, რომ კაკას ან რონალდინიოს გაეტანა მთელი მსოფლიო ილაპარაკებდა. იოან გურკუფი უბრალოდ საოცარია.“
ბორდომ გურკუფი მილანიდან გამოისყიდა და ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, სადაც რამდენიმე კარგი მატჩი ჩაატარა. სწორედ ამ პერიოდში შეარქვეს მას ახალი ზიდანი, როგორც ეს ამ სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ. ბორდოს შემდეგი სეზონი იდეალური აღარ ჰქონდა, მაგრამ იოანი მაინც ბრწყინავდა.
მე-6 ადგილი ლიგა 1-ში, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი მეტად წარმატებული გამოდგა. ბორდომ 6-დან 5 მატჩი მოიგო, მათ შორის ორი ბაიერნის წინააღმდეგ. მიუნხენში გამართულ მატჩში სწორედ გურკუფმა გაიტანა ერთი გოლი. საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა იუვენტუსსაც მოუგო და ჯგუფში ჩატოვა. ბორდო ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირს მეოთხედფინალში ლიონთან დაემშვიდობა.
დასასრულის დასაწყისი
2010/2011 წლების სეზონის დასაწყისში, ფრანგმა ნახევარმცველმა ყველას განუცხადა, რომ ლიონში გადაბარგება სურდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ ბორდო ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, ლიონი კი მუდმივი წევრი იყო.
ამის პარალელურად, რაიან დომენეკმა გურკუფი საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახა, სადაც რამდენიმე დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა და მამლებს მოაგებინა.
სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალი საფრანგეთისთვის ნამდვილი კატასტროფა იყო. 3 მატჩი, აღებული 1 ქულა და ჯგუფში ჩარჩენა..
იოან გურკუფმა ურუგვაისთან პირველი მატჩი ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. დომენეკმა ის მექსიკასთან არ ათამაშა, ხოლო სამხრეთ აფრიკასთან კვლავ ძირითადში დააყენა, სადაც 25-ე წუთზე პირდაპირ წითელი ბარათით გააძევეს მოედნიდან. ამას კი სერიოზული დაპირისპირება მოყვა.
რიბერიმ და სხვა თანაგუნდელებმა ის აბუჩად აიგდეს და არაერთხელ უწოდეს მას გეი. ამ ყველაფერმა გურკუფი ფსიქოლოგიურად გაანადგურა. ზოგადად, იოანი ყოველთვის ზედმეტად ემოციური ადამიანი იყო და მამლებში მომხდარმა ინციდენტებმა დაღი დაასვა.
ლიონი
მუნდიალის დასრულების შემდეგ, პრობლემები ლიონშიც დაიწყო. თავდაპირველად გურკუფი თავისი სატრანსფერო ღირებულით იყო უკმაყოფილო. მისი ტრანსფერი ჯამში 26 მილიონი ევრო დაჯდა. ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუს ციტირება მოახდინა და განაცხადა: „თქვენ მე გეზიზღებით იმიტომ, რომ მდიდარი, სიმპათიური და ფეხბურთში იდეალური ვარ.“
ამით ნათლად გამოჩნდა, რომ მას თავის დამკვიდრება ახალ გუნდში უჭირდა. დაიწყო ტრავმიანობის დაუსრულებელი პერიოდი. 5 სეზონის განმავლობაში მან 15 ტრავმა მიიღო. ეს ნამდვილი პარადოქსი იყო.
ამ პერიოდში ჯამში გურკუფმა 774 დღე და 188 მატჩი გამოტოვა. გამუდმებულმა ტრავმიანობამ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კიდევ უფრო მეტად იმოქმედა. მან ლიონის მაისური ჯამში 128-ჯერ მოირგო, 19 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.
2012 წელს, გურკუფი ევრო 2012-ის გაფართოებულ შემადგენლობაში გამოიძახეს, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში მისი გულგრილი თამაშის ფონზე, ლორან ბლანმა გადაწყვეტილება შეცვალა და განაცხადს მიღმა დატოვა. მამლები ისლანდიასთან დამარცხდნენ, სადაც იოანმა საშინლად ითამაშა..
მედიამ ფრანგი ნახევარმცველი მიწასთან გაასწორა და წაგება მას დააბრალა. ასე კი მისი ეროვნული ნაკრების კარიერა ნელ-ნელა დასამარდა.
ევრო 2012-ის დასრულების შემდეგ, გურკუფმა მამლებში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა. ამხანაგური შეხვედრა იტალიასთან, სადაც 18 წუთი ათამაშეს და სულ ბოლოს კვლავ ამხანაგური დაპირისპირება ურუგვაისთან. 2013 წლის 6 მაისს, ფრანგმა ფეხბურთელმა 59 წუთი გაატარა ურუგვაის წინააღმდეგ.. მას შემდეგ, ის ეროვნულ ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ..
სტატისტიკა და დასასრული
2011/2012 წლების შემდეგ, გურკუფმა კიდევ უფრო გააუარესა სათამაშო ხარისხი. შემდეგ სეზონში 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 2013/2014 წლებში 30 მატჩში, მაგრამ ძირითადად ცვლილებაზე შედიოდა. შესაძლო 2700 წუთიდან, იოანმა 1065 ითამაშა..
ლიონში ბოლო სეზონი კი უკვე კატასტროფა იყო. 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა და შესაძლო 1710 წუთიდან 772 წუთი გაატარა მოედანზე. მხოლოდ 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. ასე დასრულდა გურკუფის მოღვაწეობა ლიონში..
დაბრუნება რენში
მშობლიურ გუნდში დაბრუნებას თითქოს რაღაცები უნდა შეეცვალა, მაგრამ არა.. გურკუფს უკვე ქრონიკული ტრავმები აწუხებდა. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში მან ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც 191 დღე და 17 მატჩი გამოტოვა. იოანი 2016 წლის იანვარში დაბრუნდა და ზუსტად 1 თვეში კიდევ ერთი ტრავმა მიიღო, რის გამოც დამატებით 1 თვე გაუცდა..
2015/2016 წლების სეზონის დასრულებამდე, ფრანგმა ტალანტმა კიდევ 3 ტრავმა მიიღო და სეზონის სტატისტიკა მთლიანად გაიფუჭა: 12 მატჩი და მხოლოდ 2 გოლი, ნათამაშები 620 წუთი..
ამავე პერიოდში ფრანგული მედია წერდა, რომ მან ცხოვრების სტილიც შეიცვალა. დაიწყო სიგარეტის მოწევა, ღამის კლუბებში სიარული, კალორიული საკვების მიღება.. გამუდმებულმა ტრავმებმა მისი ფსიქოლოგია შეარყია..
არასპორტული ცხოვრების წესიც ამის გამოძახილია. მას უკვე თავისი თავის აღარ სჯეროდა, დაკარგა ყველანაირი მოტივაცია და 2018 წელს რენი დატოვა. სათამაშოდ დიჟონში გადავიდა..
ახალ გუნდშიც იგივე განმეორდა. 2018 წლის 22 ოქტომბერს ტრავმა მიიღო და 93 დღე გამოტოვა. 2019 წლის 23 იანვარს დაბრუნდა, მაგრამ მთლიანად სახეცვლილი. ჯამში ფრანგმა ფეხბურთელმა დიჟონის მაისური 8-ჯერ მოირგო.. ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა..
რეალურად, გურკუფი არ განეკუთვნებოდა იმ ფეხბურთელთა კატეგორიას, რომლებსაც დისციპლინის პრობლემა გამოკვეთილად ჰქონდათ.. მისი რეგრესი ტრავმებმა და ტრავმებისგან გამოწვეულმა ფსიქოლოგიურმა პრობლემებმა გამოიწვია..
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ფეხბურთის გულშემატკივრებმა ძალიან დიდი ტალანტი დაკარგეს.. იოან გურკუფს გაცილებით დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა..