„თუ ნაპოლი კვარაცხელიას არ გაყიდის...“ - იტალიელი ჟურნალისტი
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, რაფაელე აურიემამ „ნაპოლის“ ბოლოდროინდელ თამაშებსა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.
მისი თქმით, „პარტენოპეიმ“ ბოლო 6 თამაშიდან 3 წააგო და მხოლოდ 4 გოლი გაიტანა.
„ლუკაკუ „ინტერში“ იმიტომ იყო ეფექტიანი, რომ გვერდით ლაუტარო მარტინესი ჰყავდა. ჰყავს კი მას მსგავსი პარტნიორი „ნაპოლიში“? არა. ამიტომაც მოუწია კონტეს 3-5-2 სქემის შეცვლა 4-3-3 სქემით, რათა მაკტომინეი მასთან ახლოს ყოფილიყო. თუ „ნაპოლი“ კვარაცხელიას არ გაყიდის და სხვა თავდამსხმელს არ იყიდის... მაგრამ ხომ ფაქტია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს. კვარაცხელიას უკვე 5 მატჩია, რაც გოლი არ გაუტანია, მხოლოდ 5 გოლი ამ სეზონზე - ის ძალიან ბევრ დროს უთმობს ინდივიდუალურ ქმედებებს და მცველებთან ბრძოლას“, - თქვა აურიემამ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე სეზონში, კვარაცხელიას მონაწილეობა 15 შეხვედრაში აქვს მიღებული და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
„კვარა“ სერია A-ს სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა, 29 ოქტომბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი საგოლე მოქმედება აქვს.
ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ ლიდერობა დაკარგა. ანტონიო კონტეს გუნდი 15 ტურში მოპოვებული 32 ქულით მეორე ადგილზეა და „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება.