Yardbarker: გოგა ბითაძე „მეჯიქის“ საიდუმლო იარაღად იქცა
გამოცემა Yardbarker-ი „ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელის გოგა ბითაძის შესახებ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ორი სეზონის წინ „ინდიანა პეისერსმა“ გოგა გუნდიდან გაუშვა, ახლა კი ის „ორლანდოს“ ფასდაუდებელი წევრია და NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის საიდუმლო იარაღად იქცა.
რას წერს გამოცემა:
„ფინიქსთან“ ბითაძეს სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა - სეზონში საუკეთესო 21 ქულა და კარიერაში საუკეთესო 16 მოხსნა. 25 წლის ქართველი მაშველ რგოლად იქცა „მეჯიქისთვის“, რომელმაც მიმდინარე სეზონში შეტევის სამი წამყვანი მოთამაშე დაკარგა: პაოლო ბანკერო, ფრანც ვაგნერი და ვენდელ კარტერი. თუმცა ამ პირობებშიც „მეჯიქმა“ 18-დან 14 მატჩი მოიგო.
როდესაც ბითაძე პარკეტზეა, „მეჯიქი“ 11.5 ქულით მეტს აგროვებს, რაც შეტევაში მოხსნებზე გოგას კარგი თამაშით (საშუალოდ 2.8 მოხსნა) და ორქულიანების კარგი სროლით (71%) არის განპირობებული.
„ინდიანამ“ ბითაძე მე-18 ნომრად 2019 დრაფტზე აირჩია, თუმცა რეგულარული სათამაშო დრო არ მისცემია - სამივე სეზონში მასზე წინ მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი იყვნენ, 2023 წელს კი ბითაძემ „პეისერსი“ დატოვა.
გოგამ მეორე შანსი „ორლანდოში“ მიიღო და ის კარგად გამოიყენა, მიმდინარე წლის ზაფხულში კი „მეჯიქმა“ მას 3-წლიანი კონტრაქტი და 25 მილიონი დოლარი შესთავაზა. ვაგნერისა და ბანკეროს არყოფნაში „ორლანდოს“ ბითაძე კიდევ უფრო მეტად დასჭირდება, თუმცა მათ უკვე დაამტკიცეს, რომ მთავარი ვარსკვლავების გარეშე „ფინიქსის“ მსგავსი ძლიერი გუნდის დამარცხება შეუძლიათ.
სროლების სტატისტიკა გუნდს კიდევ გასაუმჯობესებელი აქვს, თუმცა ბითაძის ფართან ყოფნა იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ აცილებული ბურთები სწორედ მან მოხსნას.
მიმდინარე სეზონში „ორლანდოს“ 17 მოგება და 9 მარცხი აქვს და გოგას გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის მესამე ადგილზეა.
მომდევნო მატჩს ბითაძის გუნდი NBA-ის თასის მეოთხედფინალში „მილუოკი ბაქსის“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი ამაღამ, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.