გაურბოდა თუ არა მერაბი უმარს? | რას ამბობს დენა უაითი
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი გამოეხმაურა მოსაზრებას, თითქოს მერაბ დვალიშვილი უმარ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლას გაურბოდა. უაითის თქმით, „მანქანას“ არავისი ეშინია და ამის დასტური ისაა, რომ ქართველი მებრძოლი მზად იყო, UFC 310-ზე, ფანთან ეჩხუბა.
„მისმინეთ, არ მჯერა, რომ UFC-ის მებრძოლებს შეიძლება, ვინმესთან ჩხუბის ეშინოდეთ. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს ჰყავს მეტოქე, რომელთან ჩხუბიც ძალიან უნდა და ეს რაღაც მიზეზებითაა განპირობებული.
მერაბზე ასეთი განცხადების გაკეთება... ეს ბიჭი მზად იყო, ტრიბუნებზე მყოფ ფანთან ეჩხუბა. მათ არავისი ეშინიათ. უბრალოდ ყველა მებრძოლი პარანოიითაა შეპყრობილი. ყოველთვის ჰგონიათ, რომ მათ წინააღმდეგ შეთქმულების თეორიას ვამზადებთ. არადა, უბრალოდ ვმართავთ ჩხუბებს, რომელთა ხილვაც გულშემატკივრებს სურთ. მებრძოლებს ჰგონიათ, რომ შეთქმულების თეორიასთან აქვთ საქმე, თუმცა, შეიძლება, სწორედ ასეთი ხედვების ქონა სჭირდებათ, რათა ოქტაგონზე გავიდნენ და თავიანთი საქმე გააკეთონ“.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილი ქამრის პირველ დაცვას 18 იანვარს (თბილისის დროით, 19 იანვარს), UFC 311-ზე გამართავს - მისი მეტოქე კი რუსი უმარ ნურმაგომედოვი იქნება.