დენ ეშუორტი
Aa
Aa

დანიშვნიდან ხუთ თვეში - მანჩესტერში დირექტორი დაითხოვეს

ლამის ყოველ თვეში „მანჩესტერ იუნაიტედში“ საკადრო ცვლილება ხდება - თუ ნოემბერში მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვება ერიკ ტენ ჰაგს მოუწია, ამჯერად კარისკენ სპორტულ დირექტორს, დენ ეშუორტს მიუთითეს. Talk Sport-ის ინფორმაციით, მისი გაშვება პირადად კლუბის მფლობელის, სერ ჯიმი რეტკლიფის გადაწყვეტილება გახლდათ, რომელიც სპორტული დირექტორის მიერ გატარებული სატრანსფერო პოლიტიკითა და სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით მისი მიდგომებით მკვეთრად უკმაყოფილო იყო.

გარდა ამ მიზეზისა, ეშუორტის გადაყენებას ინგლისელი სპორტული რეპორტიორები სხვა ფაქტორსაც მიაწერენ - ის იმდენად წინააღმდეგი იყო მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუბენ ამორიმის დანიშვნის, რომ ამ უკანასკნელთან მოლაპარაკებების საწარმოებლად ლისაბონში გამგზავრებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და „სპორტინგის“ ყოფილი მესაჭის დასათანხმებლად პორტუგალიის დედაქალაქში „მანკუნიანელთა გენერალური დირექტორი ომარ ბერარდი ჩავიდა. ეშუორტს ედი ჰაუს, მარკო სილვას, ტომას ფრანკისა და გრემ პოტერის სახით თავის კანდიდატები ჰყავდა, ბოლოს კი მის ფავორიტად გარეთ საუთგეიტი იქცა და ის აუცილებლად თვლიდა, რომ „წითელი ეშმაკების“ მომავალი დამრიგებელი ინგლისელი ყოფილიყო, რასაც რეტკლიფი არ დაეთანხმა და ეს ყველაფერი როგორ დასრულდა, უკვე დღესავით ნათელია.

ეშუორტის წასვლა მით უფრო გასაკვირი ხდება იმის გათვალისწინებით, თუ გავიხსენებთ, რამდენი ხანი გრძელდებოდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოსების მოლაპარაკებები „ნიუკასლელ“ კოლეგებთან საიმისოდ, რათა ეს უკანასკნელი წამოეყვანათ. თებერვალში, როდესაც „მანკუნიანელები“ პირველად დაუკავშირდნენ, „კაჭკაჭებმა“ სპორტული დირექტორის გაშვებისთვის კომპენსაციის სახით 20 მილიონი ფუნტი მოითხოვეს, რასაც რეტკლიფმა პირდაპირ თაღლითობა უწოდა. ივლისში კი იმდენი მოახერხა, რომ საკომპენსაციო თანხა 2 მილიონამდე დააწევინა და ეშოურტი დაიმატა.

გასულ ზაფხულს, ახალი სპორტული დირექტორის ხელმძღვანელობით „მანიუმ“ ახალი ფეხბურთელების შესაძენად 214 მილიონი ევრო დახარჯა, სხვადასხვა მოთამაშეების გაყიდვით კი 103 მილიონი გამოიმუშავა. რამდენად გაამართლეს ეშოურტის მოყვანილმა ახალმა კადრებმა, ეს კიდევ ცალკე საუბრის თემაა. ყველაზე კარგად ყველაზე იაფად, 15 მილიონად დამატებული ნუსაირ მაზრაუი გამოიყურება, რომელიც ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა. ასევე ამ ფორმაციის „იუნაიტედის“ 45 მილიონად შეძენილი მატიას დე ლიხტის გარეშე წარმოდგენაც შეუძლებელია. 21 მატჩში გატანილი 3 გოლი და შესრულებული 2 საგოლე გადაცემა ჯოზუა ზირკზესთვის, მისი სატრანსფერო ფასიდან (42 მილიონი) გამომდინარე აშკარად ცოტაა. მანუელ უგარტე კი მხოლოდ და მხოლოდ ამორიმის მოსვლის შემდეგ იქცა გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად და ეს კარგიც არის, რადგან „მანჩესტერს“ სჭირდებოდა კაზემიროს სტილის კიდევ ერთი ნახევარმცველი. რაც შეეხება 62 მილიონად მოყვანილ ლენი იოროს, ის სეზონის დასაწყისშივე დაიმტვრა და შესაბამისად, მისი შეფასება ჯერ ნაადრევია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი
საუკეთესო მწვრთნელები 21-ე საუკუნეში | Goal.com-ის რეიტინგი