„ამას მარტო ფანებთან აკეთებს“ | შონ ომალი დვალიშვილის ინციდენტს გამოეხმაურა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილის ინციდენტს გამოეხმაურა. UFC 310-ისას, „მანქანას“ ტრიბუნებზე მყოფ ერთ-ერთ ქომაგთან დაპირისპირება მოუვიდა და „შუგამ“ ამას სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი მიუძღვნა.
„მერაბი მუშტებით მარტო ტრიბუნებზე მყოფ ფანებთან ჩხუბობს“, - განაცხადა ომალიმ და ხაზი გაუსვა „მანქანის“ საბრძოლო სტილს, რომელიც ჭიდაობასა და თეიქდაუნებზეა ორიენტირებული და არა სტრაიკინგზე.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა დვალიშვილს ფანთან დაპირისპირება მოსდის. 2023 წლის მარტში, მერაბი UFC on ESPN 43-ს დაესწრო და ავტოგრაფებს არიგებდა, როცა ტრიბუნებზე მყოფმა მამაკაცმა ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბისკენ უხეშად მოუწოდა. ამ სიტყვების შემდეგ, მერაბი გულშემატკივარს სახის დანგრევით დაემუქრა და ტრიბუნებზე აძრომა სცადა.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, უცხოურ მედიაში დაიწერა, თითქოს დამნაშავე დვალიშვილი იყო, ყაზახური გამოცემები კი იუწყებოდნენ, რომ მერაბმა შავკატ რახმონოვს მიაყენა შეურაცხყოფა და კონფლიქტი ამან გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ადამიანი, რომელთანაც „მანქანას“ ინციდენტი მოუვიდა, უმარ ნურმაგომედოვის მეგობარი გახლავთ და მან ქართველი მებრძოლის პროვოცირება სცადა.