ჩემი 2 უდიდესი ოცნება | დავითაშვილი ფრანგულ მედიას ესაუბრა
„სენტ-ეტიენის’’ ქართველმა ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა L'Équipe-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვობაში მისი ოცნება ტოპ 5 ლიგაში თამაში იყო, რაც გასულ ზაფხულში აისრულა, როცა ლიგა 2-ის „ბორდოდან’’ „სენტ-ეტიენში’’ გადავიდა. ასევე, აღნიშნავს რომ რამდენიმე პოზიციაზე თამაში პრობლემას არ უქმნის, თუმცა მისი ფავორიტი პოზიცია მარცხენა გარემარბია.
„ბევრი ოცნება მაქვს. ჩემი ორი ყველაზე დიდი ოცნება ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატის მოგებაა, მაგრამ პირველი ოცნება, როცა ბავშვი ვიყავი, ტოპ 5 ლიგაში თამაში იყო. როცა „სენტ-ეტიენიდან’’ წინადადება მივიღე, სხვა ვარიანტებიც მქონდა, მაგრამ არჩევანი ამ კლუბზე გავაკეთე, გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი მენეჯერი მამუკა ჯუღელი დამეხმარა.
ეროვნულ ნაკრებში 8-იანზე, 10-იანზე და ორივე ფლანგზე ვთამაშობ... ეს არ მაწუხებს, მაგრამ ჩემი ფავორიტი პოზიცია მარცხენა გარემარბია. ასევე, შემიძლია კარშიც ჩავდგე. ერთ დღეს, მინდა მეკარე ვიყო. ვფიქრობ, მეკარის პოზიციისთვის საკმარისად ნიჭიერი ვარ და ეს მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლე მაკლია’’.
საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს, 14-დან ყველა მატჩი სასტარტოში დაიწყო. მის აქტივში ჰეთ-თრიკი („ოსერთან’’) და დუბლია („ანჟერთან’’). ასევე, „ლილისთან’’ და „ნანტთან’’ საგოლე პასები შეასრულა. მოკლედ, გუნდს შესანიშნავად შეეწყო და კარიერული პროგრესისთვის კარგ საფუძველს ქმნის.