რა მოხდა მერაბსა და ქომაგს შორის | „მორიგი უპატივცემულობა უმარის გუნდისგან“
UFC 310-ზე, მერაბ დვალიშვილის ახლო მეგობარმა, ალჯამეინ სტერლინგმა იჩხუბა. „ალჯო“ მოვსარ ევლოევს შეხვდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღნიშნულ ღონისძიებაზე, „მანქანას“ ერთ-ერთ გულშემატკივართან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მისმა თანაგუნდელმა ფანს დაარტყა კიდეც.
მომხდართან დაკავშირებით, დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა და აგვიხსნა, რა და როგორ მოხდა. მერაბი სტერლინგს მიაცილებდა და ვიდეოს უღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ყაზახმა გულშემატკივარმა მას ხელი დაადო, მისი პროვოცირება სცადა და შეურაცხყოფა მიაყენა.
უცხოურ მედიაში დაიწერა, თითქოს დამნაშავე დვალიშვილი იყო, ყაზახური გამოცემები კი იუწყებოდნენ, რომ მერაბმა შავკატ რახმონოვს მიაყენა შეურაცხყოფა და კონფლიქტი ამან გამოიწვია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. რეალურად, ადამიანი, რომელთანაც „მანქანას“ ინციდენტი მოუვიდა, უმარ ნურმაგომედოვის მეგობარი გახლავთ. ქართველი მებრძოლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ფოტოები, რომლებზეც აღნიშნულ ქომაგს უმართან და ისლამ მახაჩევთან ერთად ვხედავთ, იმავე დღეს კი ნურმაგომედოვმა მასთან გადაღებული ე.წ „სთორიც“ დადო.
„უფრო მეტი ტყუილი, უპატივცემულობა და პროვოკაცია უმარის გუნდისგან. აი, რეალურად რა მოხდა“, - ასეთი წარწერა დაურთო დვალიშვილმა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტს და სოციალური ქსელის მომხმარებლებისგან საქებარი სიტყვებიც დაიმსახურა.
View this post on Instagram