მამუკელაშვილს არ უთამაშია | სან ანტონიომ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა
„სან ანტონიო სპურსის“ 3-მატჩიანი მოუგებელი სერია დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერთან, „ნიუ ორლეან პელიკანსთან“ დასრულდა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა საკუთარ კედლებში იასპარეზა და 121:116 იმარჯვა.
„სან ანტონიომ“ პირველი მეოთხედი 28:34 წააგო, მეორე პერიოდში კი თამაშში გარდატეხა შეიტანა. ტექსასელებმა მეორე თორმეტწუთეული 43:28 მოიგეს და დაძაბული ბოლო წუთების მიუხედავად, საქმე ბოლომდე მიიყვანეს.
ქართველ კალათბურთელს სათამაშო დრო არ მიუღია, „სან ანტონიოს“ რიგებში საუკეთესო კი ვიქტორ ვემბანიამა იყო - 25 ქულა, 10 მოხსნა, 3 დაფარება. სტეფონ კასლმა 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. ჰარისონ ბარნსის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ჩარლს ბასიმ კი 16 ქულა და 12 მოხსნა გააკეთა.
ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 12 მოგება და ამდენივე წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-11 გახლავთ და მომდევნო შეხვედრა 14 დეკემბერს, „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ წინააღმდეგ ელის.