უშანსო მარცხი მარსელთან - ზურიკოს ერთი მომენტი ჰქონდა
„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ის XIV ტურში სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე მყოფ და უზომოდ მოტივირებულ „მარსელს“ შეხვდა, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გათამაშების ლიდერ „პარი სენ-ჟერმენთან“ სხვაობას 5 ქულამდე შეამცირებდა. „ოლიმპიკმა“ ზურიკო დავითაშვილსა და მის თანაგუნდელებს აშკარად აჯობა და სრულიად დამსახურებულად, 2:0 გაიმარჯვა.
„მწვანეების“ ქართველ ლიდერს პირველ ნახევარში თავის გამოჩენის შანსი მხოლოდ ერთხელ, მე-3 წუთზე მიეცა, როდესაც მასპინძლების სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, თუმცა მისი დარტყმა „ოლიმპიკის“ არგენტინელმა მეკარემ, ხერონიმო რულიმ უპრობლემოდ მოიგერია.
შესვენებამდე დარჩენილ დროში სტუმართა უპირატესობა აშკარად იყო, რაც გოლშიც გარდასახეს - ბრწყინვალედ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით ადრიან რაბიომ დაასრულა, რომელიც საქმეში ვიდეორეფერის ჩარევის შემდეგ ჩაითვალა.
მეორე ნახევრის სტარტზე ზურიკომ კარგი დრიბლინგით სცადა იერიშის წარმართვა, თუმცა მის წინააღმდეგ თამაშისას ვალენტინ რონჟიერმა ტაქტიკური ფოლი აიღო და ყვითელი ბარათიც მიიღო. 65-ე წუთზე კი გამარჯვებულის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა - „მარსელის“ ინგლისელ ბომბარდირს მეისონ გრინვუდს თავისივე მოპოვებული პენალტი „სენტ ეტიენის“ მეკარემ გოფი ლარსონერმა აუღო, თუმცა დამატებაზე ისევ გრინვუდი გაჩნდა და სხვაობა ორამდე გაზრდა. რაც შეეხება დავითაშვილს, ის თანაგუნდელების მსგავსად, ინერტული იყო, თუმცა მთავარი მწვრთნელი ბოლომდე ენდო და არ შეუცვლია.
ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე წლევანდელ სეზონში 5 გოლთან ერთად, 3 საგოლე გადაცემაცაა. მომდევნო ტურში „სენტ ეტიენი“ სტუმრად „ტულუზას“ შეხვდება და მატჩი პარასკევს, 13 დეკემბერს, თბილისის დროით, 23:45 წუთზე დაიწყება.