პალმერის რეკორდები - ჰასელბანკზე და ტურეზე წინ
„ჩელსი“ წლევანდელისგან განსხვავებით, მომდევნო სეზონში თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს, რაც ახალი მთავარი მწვრთნელის ენცო მარესკას გარდა, ლონდონური კლუბის ახალგაზრდა ლიდერის კოულ პალმერის დამსახურებაა. ინგლისის პრემიერ-ლიგის XV ტურში „ლურჯებმა“ დედაქალაქურ დერბიში „ტოტენჰემს“ 4:3 აჯობეს და დუბლი სწორედ პალმერმა შეასრულა.
მე-11 წუთისთვის „დეზები“ დომინიკ სოლანკესა და დეიან კულსევსკის ბურთებით ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა „არისტოკრატები“ სასტარტო შოკმა არ დააბნია და თანაქალაქელს ოთხი გოლი გაუტანეს, რასაც არბიტრის მიერ კომპენსირებულ დროში ჰონგ-მინ სონმა უპასუხა. როგორც უკვე მოგახსენეთ, 22 წლის ინგლისელმა ნახევარმცველმა ორი გოლი გაიტანა და ორივე 11-მეტრიანი ნიშნულიდან, რითაც მან იაია ტურეს რეკორდი გააუმჯობესა. აქამდე კოტ დ’ივუარელი ნახევარმცველი პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთადერთი იყო, რომელსაც რაოდენობრივად (11-დან 11) ყველაზე მეტი პენალტი ჰქონდა შესრულებული, თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მას პალმერმა (12-დან 12) აჯობა.
ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ გამორჩეული ფეხბურთელი ამით არ შემოფარგლულა - მას 2024 წელს უკვე 38 საგოლე მოქმედება (25 გოლი, 13 საგოლე პასი) დაუგროვდა, რითაც 2001 წელს ჯიმი ფლოიდ ჰასელბანკის (36) მიერ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა.