ემპოლიმ ვერონა გაანადგურა - გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა
იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში „ვერონა’’ შინ „ემპოლისთან’’ 1:4 განადგურდა. ხუთივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ესპოზიტოს დუბლისა და კაკაჩეს გოლის შემდეგ „ვერონამ'' ანგარიში შეამცირა, თუმცა ტაიმის მიწურულს ლორენცო კოლომბომ სამბურთიანი უპირატესობა აღადგინა და „ემპოლიმ'' დამაჯერებლად მოიგო.
გამარჯვებულთა სასტარტოში საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა.
საბამ მინდორზე 4-დან 3 ორთაბრძოლა მოიგო, მეორე სართულზე 2-დან 1. ბურთთან 41 შეხება ჰქონდა, 33-დან 28 პასი ზუსტად შეასრულა. მეტოქის დარტყმა ერთხელ დაბლოკა. უხეში შეცდომა არ დაუშვია, ტრადიციულად დამაჯერებელი იყო. გაშვებული გოლი მისი ბრალი არ ყოფილა.
20 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩიდან 12 სასტარტოში დაიწყო, მხოლოდ „კომოსთან’’ მატჩი გამოტოვა, რადგან მილანის „ინტერთან’’ წითელი ბარათი მიიღო. უკვე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ „ემპოლის’’ სასტარტოში ადგილი დაიმკვიდრა, რაზეც ტურინის „იუვენტუსის’’ მხრიდან ინტერესიც მეტყველებს.
სერია A-ში „ემპოლი'' 19 ქულით მე-9 ადგილზეა, მომდევნო ტურში „ტორინოს'' მიიღებს (13 დეკემბერი).