ვალენსიამ ისევ წააგო, მამარდა ტრავმას გადაურჩა
ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსიამ“,რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, „რაიო ვალეკანოს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
ანგარიში მასპინძლებმა მე-7 წუთზე კუთხურიდან გახსნეს - ზუსტი ისმაილა სისის თავური დარტყმა აღმოჩნდა.
რაც შეეხება მამარდაშვილს, მან Sofascore-ისგან 6,5-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: კარიდან ერთი წარმატებული გამოსვლა, ბურთთან 33 შეხება, 31-დან 26 ზუსტად შესრულებული პასი (84%) და 11-დან 6 ზუსტი გრძელი პასი.
28-ე წუთზე მამარდაშვილს მარჯვენა ფეხის ბარძაყის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, თუმცა სამედიცინო შტაბის ჩარევის შემდეგ ქართველმა მეკარემ მატჩის გაგრძელება შეძლო. მეტიც, შესვენებაზე რუბენ ბარახამ „ღამურების“ კაპიტანი ხოსე გაია შეცვალა და მეორე ტაიმში მამარდამ „ვალენსია“ მოედანზე კაპიტნის რანგში გაიყვანა.
52-ე წუთზე მამარდას „რაიოს“ ფეხბურთელ ნტეკასთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა, რის გამოც მსაჯმა ორივე ფეხბურთელს ყვითელი ბარათები უჩვენა.
მამარდას გამორჩეული მომენტები:
ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს „ვალენსიას“ მაისურით 14 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც კარის მშრალად შენახვა 3-ჯერ შეძლო.
14 მატჩის შემდეგ „ვალენსიას“ 10 ქულა აქვს და ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-19 ადგილზეა.
მომდევნო მატჩს მამარდას გუნდი 13 დეკემბერს გასვლაზე „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ გამართავს.