კიტეიშვილის საგოლე პასი - შტურმმა 10 ფეხბურთელით ტიროლს მოუგო
ავსტრიის ბუნდესლიგის მორიგ ტურში შტურმი ტიროლს ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები პირველ ტაიმში 10 ფეხბურთელით დარჩნენ, მარტივად 3:0 გაიმარჯვეს.
ამ გამარჯვებაში კი უდიდესი წვლილი ოთარ კიტეიშვილმა შეიტანა, რომელიც, როგორც ყოველთვის მთელი მატჩის განმავლობაში აქტიურობდა.
მე-15 წუთზე კიტეიშვილმა პრე-ასისტი მიითვალა. ქართველმა იდეალური პასი გაუკეთა ბირეთს, რომელმაც თავის მხრივ ბოუინგს ცარიელ კარში გაატანინა. შტურმმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.
მეორე ნახევარში, ტიროლს რამდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა გოლად ვერ აქცია. 85-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გამოზომილი ზუსტი პასით ჯატა მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში 2:0 გახდა. მესამე გოლის ავტორი იალუჩი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილისთვის ეს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად რიგით მე-4 საგოლე გადაცემა იყო. შტურმი სატურნირო ცხრილში 36 ქულით პირველ ადგილზეა.