ოსიმენი იუვენტუსში? - ინიციატორი ჯუნტოლია
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენი იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს. მისი სატრანსფერო საგა მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდა და მხარეებს შორის ყველანაირი ურთიერთობა გაფუჭდა.
ნიგერიელ თავდამსხმელს ნაპოლიში დაბრუნება არ სურს. აქედან გამომდინარე, მისი აგენტი ახალ კლუბს ეძებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ოსიმენის გადაბირებით იუვენტუსი ინტერესდება. ინიციატივას ჯუნტოლი გამოთქვამს, რომელიც ვიქტორს შესანიშნავად იცნობს.
ტრანსფერის განხორციელება ორ რამეზეა დამოკიდებული. პირველი, რა თქმა უნდა, თავად ფეხბურთელის სურვილი, ხოლო შემდეგ, გამოსასყიდი თანხა, რომლის გადახდის გარეშეც აურელიო დე ლაურენტისი თანახმა არ იქნება. გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს.
წყაროს ცნობით, ტურინელებს პრობლემას მანჩესტერ იუნაიტედი უქმნის, რადგან ოსიმენის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, თუმცა ბოლო წლებში წითელი ეშმაკები მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძვიან და შესაძლოა ამ ფაქტმა ოსიმენი დააფიქროს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.