პირველად სტუმრის ამპლუაში - ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატი გახსნა
ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში იმყოფებოდა, სადაც ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს და ის სპეციალურად საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ორგანიზატორებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს ტალახაძის კარიერაში ის დღე, როდესაც მან 225 კილოგრამი აიტაცა და პლანეტის პირველობაზე ამ დისციპლინაში ყველა დროის რეკორდი დაამყარა. აღსანიშნავია, რომ ლაშას გახსნის ცერემონიაზე გამოჩენა ადგილობრივი პუბლიკისთვის ნამდვილი სიურპრიზი გახლდათ და დიდი სიხარული გამოიწვია.
8-კაციანი შემადგენლობით საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ბაჰრეინში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს დღეიდან აიღებს. შეჯიბრებაში ჩვენი ქვეყნის დელეგაციიდან პირველი გოდერძი ბერდელიძე ჩაერთვება, რომელიც 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს და ფიცარნაგზე მის გამოჩენას თბილისის დროით 21:00 საათიდან უნდა ველოდოთ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების 3-გზის, მსოფლიოს 7-გზისა და ევროპის 7-გზის ჩემპიონია.