მარცხი ფილადელფიასთან - ბითაძის 9 ქულა
პენსილვანიაში ორი დღის წინ გამართული პირველი მატჩისგან განსხვავებით, „ორლანდომ“ ამჯერად „ფილადელფიას“ ვერ აჯობა და 8-ქულიანი სხვაობით, 94:102 დამარცხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ნოემბერში საოცრად წარმატებული გამოსვლის შემდეგ, „მეჯიქს“ მცირე ჩავარდნა დაეწყო და უკანასკნელი სამი თამაშიდან ორი წააგო.
გოგა ბითაძემ პარკეტზე გატარებულ 25 წუთში 9 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ფლორიდული კლუბის 25 წლის ქართველმა ლეგიონერმა ოთხიდან სამი ორქულიანი და ოთხიდან სამი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან თავის გამოჩენა ერთხელ სცადა, მაგრამ მისი ტყორცნა არაზუსტი აღმოჩნდა. ოთხიდან სამ შემთხვევაში ბითაძემ მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი სამჯერ დაკარგა, სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო და მეტოქეს ორჯერ დაუფარა.
16 მოგებასთან ერთად, 9 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ „ბოსტონ სელტიქსსა“ და „კლივლენდ კავალიერსს“ ჩამორჩება. 9 დეკემბერს, თბილისის დროით გამთენიისას, 03:30 წუთზე გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები „ფინიქსს“ უმასპინძლებენ.