გამარჯვება უიღბლო სერიის შემდეგ - ბაღიშვილმა რუსს მოუგო
ყირგიზეთში გამართულ Octagon 67-ის ღონისძიებაზე სოფიო ბაღიშვილმა დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი მებრძოლი მარინა შუტოვას დაუპირისპირდა და რუსი მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა. ბაღიშვილისთვის ეს წარმატება ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ზედიზედ სამი შეხვედრა ჰქონდა წაგებული და გამარჯვება რეიტინგში დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად ჰაერივით სჭირდებოდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება საქართველოს და მის მეორე სამშობლო უკრაინას მიუძღვნა. თბილისში მიმდინარე მოვლენების გამო კი სინანული გამოთქვა და იმედი დაიტოვა, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდება.
შეგახსენებთ, რომ სოფიო ბაღიშვილი ჩვენ ქვეყანაში საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა სახეობების ეროვნული ფედერაციის ორგანიზებულ ტურნირებში სისტემატურად ასპარეზობს და კარიერაში მიღწეული 11 გამარჯვებიდან 7 მტკივნეული ილეთით მოიპოვა.