შენგელიას მაგარი მატჩი - ვირტუსი მეთორმეტედ დამარცხდა
ევროლიგის მე-14 ტურში „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, 87:94 დამარცხდა. მოელოდნენ, რომ ამ მატჩში ბოლონიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, დუშკო ივანოვიჩის დებიუტი შედგებოდა. თუმცა, რსებული რეგულაციების მიხედვით, მისი დარეგისტრირება ოთხშაბათამდე ვერ მოასწრეს, რის გამოც მონტენეგროელი სპეციალისტი საქმეს ვერც კვირას, იტალიის ჩემპიონატის მატჩში შეუდგება და „ვირტუსში“ თავის პირველ მატჩს 12 დეკემბერს, მისი და თორნიკე შენგელიას ყოფილი გუნდის, „ბასკონიას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
დღეს გამართულ შეხვედრაში კი „ვირტუსის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი 32 წუთში დაგროვებული 25 ქულით, 5 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით საქართველოს ნაკრების კაპიტანი გახლდათ. შენგელიამ ჩვიდმეტიდან ათი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი ორქულიანი ჩააგდო. პერიმეტრიდან მისი ხუთი ნატყორცნიდან კი ზუსტი არც ერთი არ აღმოჩნდა. ხუთიდან სამ შემთხვევაში თოკომ ბურთი დაცვაში, ორჯერ კი შეტევაში მოხსნა. ბურთი ორჯერ დაკარგა და გარდა ამისა, მის ანგარიშზე ორი ჩაჭრა და სამი პერსონალური ჯარიმაა.
14 ტურის შემდეგ 2 მოგებითა და 12 წაგებით „ვირტუსი“ ევროლიგის სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ ტურნირის მომდევნო ტურიდან ბოლონიელებს სათავეში უკვე დუშკო ივანოვიჩი ჩაუდგება, რომელმაც 2020 წელს შენგელიასთან ერთად „ბასკონიას“ ისტორია დაწერა და კლუბს ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.