უოტფორდის მთავარი დირიჟორია - ჩაკვეტაძე ჩემპიონშიპის გამორჩეულ ფიგურებს შორის
გიორგი ჩაკვეტაძე „უოტფორდის“ ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბდა და მისი ასპარეზობით ყველა მოხიბლულია. 25 წლის ქართველი ნახევარმცველის ანგარიშზე წლევანდელ ინგლისის ჩემპიონშიპში 1 გოლთან ერთად, 4 საგოლე გადაცემაა და ასისტენტთა დავის ლიდერ ფინ აზაზის მხოლოდ 3 პასით ჩამორჩება. ჩაკვეს საკუთარი მონაგარის გაზრდა ხვალ „კარდიფთან“ საგარეო მატჩში შეეძლო, თუმცა უელსში მოსალოდნელი შტორმის გამო, ეს თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო.
სანამ გიორგი მომდევნო თამაშს ჩაატარებს, ის ინგლისური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ქართველი ნახევარმცველი ჩემპიონშიპის იმ ექვს მთავარ ვარსკვლავს შორის მოხვდა, რომელთა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს წასვლა მათი გუნდებისთვის დამღუპველი იქნება. სტატია ავტორიტეტულ ვებ-გვერდ Football 365-ზე არის გამოქვეყნებული.
რას წერენ ჩაკვეტაძეზე
გასულ სეზონში ნაწვნევი იმედგაცრუების შემდეგ, როდესაც „უოტფორდმა“ ჩემპიონშიპში ადგილი გაჭირვებით შეინარჩუნა, ამ გუნდისგან პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლა ყველაზე ერთგული ქომაგებისთვისაც კი, ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა.
ტომ კლევერლის მისი ყოფილი თანაკლუბელისგან, უეინ რუნისგან განსხვავებით, რომლის მომზადებული „პლიმუთიც“ რანგით დაბალ დივიზიონში დაქვეითების ერთ-ერთი კანდიდატია, სამწვრთნელო ნიჭი აღმოაჩნდა. თუმცა, რომ არა გიორგი ჩაკვეტაძე, მწვრთნელს გუნდის ასე ათამაშება გაუჭირდებოდა.
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული არაჩვეულებრივ ფორმაშია. ჩაკვეტაძე უნივერსალური ვინგერი და „უოტფორდის“ შეტევების მთავარი დირიჟორი გახლავთ. უნივერსალური ვინგერია, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში უკანდახეულ ფორვარდადაც კარგად გამოსდის თამაში.
კლუბის ხელმძღვანელებმა ზამთარში გიორგის შესანარჩუნებლად ყველა ღონე უნდა იხმარონ და თუ მიზანს მიაღწევენ, „უოტფორდი“ პრემიერლიგის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებს, „ვიკარეიჯ როუდის“ პუბლიკას კი მოწყენის საშუალება არ მიეცემა.
ტოპ-ექვსეულში გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად ფინ აზაზი (მიდლსბრო), ჯობ ბელინგემი (სანდერლენდი), ვილფრიდ გნონტო (ლიდსი), ჯეიმს ტრაფორდი (ბარნლი) და გუსტავო ჰამერი (შეფილდ იუნაიტედი) მოხვდნენ.