„ჩემი გვარი დავშვილი არაა“ | მერაბის გაკვეთილი დენა უაითს
მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მასწავლებლის პროფესია კიდევ ერთხელ შეითავსა. ამჯერად, „მანქანამ“ ინგლისურის გაკვეთილი UFC-ის პრეზიდენტს, დენა უაითს ჩაუტარა და ასწავლა, მისი გვარი როგორ გამოითქმის.
„სალამი, დენა. ახლა, როცა ჩვენი ბიზნეს შეხვედრა დასრულებულია, მინდა, მეგობრულად შევხვდეთ, რათა კარგად გამიცნო და ჩხუბამდე ისწავლო, ჩემი გვარი როგორ გამოითქმის. ჩემი გვარი დავშვილი არაა. ჩემი გვარი დვალიშვილია. ბოს, ძალიან მიყვარხარ და აქ ვარ. უმარ, შენთვის მოვდივარ! არა, უფრო სწორად, შენ მოდიხარ ჩემთვის“.
View this post on Instagram
როგორც მოგეხსენებათ, მერაბისა და უმარის ჩხუბის გამოცხადებისას, უაითმა „მანქანის“ გვარი სწორად ვერ წარმოთქვა და ქართველმა მებრძოლმა ყურადღება სწორედ ამაზე გაამახვილა. მერაბს მსგავსი რამ წარსულშიც გაუკეთებია. მაშინ, „მანქანამ“ ინგლისურის გაკვეთილი ჰენრი სეხუდოს ჩაუტარა, რომელმაც მას „მერაბ დაშაზვილი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა 18 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. ღონისძიების მთვარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება გახლავთ.