დონჩიჩი ევრობასკეტზე იქნება - 6 ტურნირი 7 წელიწადში
„დალასის“ სლოვენიელი ლიდერი ლუკა დონჩიჩი 2025 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე იასპარეზებს. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია „მავერიქსის“ 25 წლის გამთამაშებელმა თავად დაადასტურა. როგორც ლუკამ აღნიშნა, პარკეტზე თავისი ქვეყნის ღირსების დაცვა მუდამ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა და როდესაც ამის საშუალება ეძლევა, მასზე უარის თქმა არ შეუძლია.
დონჩიჩს კარიერის განმავლობაში არც ერთი დიდი სანაკრებო ტურნირი არ გამოუტოვებია. მან მონაწილეობა როგორც ევრობასკეტ 2017-სა და 2021 წლის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ასევე ევროპის 2022 წლის პირველობასა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზეც მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ნაკრები ერთ-ერთია იმ 10 გუნდს შორის, რომელმაც 2025 წელს გასამართი კონტინენტის პირველობის საგზური მოიპოვა. სლოვენიელებმა შესარჩევი რაუნდის G ჯგუფში, სადაც მათი მეტოქეები პორტუგალიის, ისრაელისა და უკრაინის ნაკრები გუნდები არიან, გამართული ოთხი მატჩიდან სამი მოიგეს და დასახულ მიზანს ნაადრევად მიაღწიეს.