„უმარს ხაბიბი დაეხმარება, მერაბი ძალიან მომწონს“ | UFC-ის ლეგენდის კომენტარი
დომინიკ კრუზი UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი და სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონია. კრუზმა, დენიელ კორმიესთან საუბრისას, მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ილაპარაკა.
„მერაბი ძალიან მომწონს. ძალიან მომწონს, როგორც ჩემპიონი, რადგან მზადაა, ნებისმიერ მეტოქესთან იბრძოლოს, ცდილობს, საკუთარი წონითი დივიზიონი უფრო ცნობადი გახადოს და არ ჩერდება, სულ ჩხუბობს. უმარის სახით, რთული მეტოქე ჰყავს, მაგრამ მისი კარდიო და ენერგია არის ის, რისი მსგავსიც ნურმაგომედოვს ჯერ არ უნახავს.
იქნება თუ არა უმარის გამოუცდელობა ფაქტორი? ჩემი აზრით, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება, რამდენად შეძლებ გადმოიტანო ოქტაგონზე ის, რასაც სპორტდარბაზში, ჩხუბისთვის მოსამზადებელი პერიოდისას აკეთებდი. როგორ უნდა მოემზადო დვალიშვილისნაირი მეტოქისთვის? ხაბიბ ნურმაგომედოვთან ივარჯიშებ, ის დაგეხმარება.
გამიგია, რომ ხაბიბთან ვარჯიში ურთულესია. მჯერა, უმარი მერაბთან ბრძოლისთვის ძალიან კარგად იქნება მომზადებული და სავარჯიშო კემპისას, ხაბიბი მას ამოსუნთქვის საშუალებას არ მისცემს. ეს მას თავდაჯერებულობას აუმაღლებს და გამოუცდელი მებრძოლის შთაბეჭდილებას აღარ დატოვებს“.
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და უმარის დაპირისპირება UFC 311-ზე გაიმართება. ამ ღონისძიების მთავარი მოვლენა ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის დაპირისპირება იქნება.