ხვიჩას ტრანსფერი ბარსაში - არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები
როგორც იტალიური, ასევე ესპანური სპორტული გამოცემები ბოლო პერიოდში ხვიჩა კვარაცხელიას „ბარსელონაში“ შესაძლო გადაბარგების თაობაზე სისტემატურად წერენ. „ბლაუგრანას“ სპორტული დირექტორი დეკუ სოუზა თვლის, რომ მარცხენა ფლანგის 23 წლის ქართველით გაძლიერება უფრო მიღწევადია, ვიდრე „მილანის“ პორტუგალიელი ვინგერის რაფაელ ლეაუს დამატება. მიზეზი მარტივია - კვარა „ნაპოლიში“ წლიურად სულ რაღაც 1,5 მილიონ ევროს იღებს, მაშინ როდესაც პორტუგალიელი როსონერიში გაცილებით მეტს გამოიმუშავებს და შესაბამისად მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება გაცილებით რთული იქნება.
როგორც კატალონიური SPORT-ი იუწყება, ხვიჩას ტრანსფერზე მოლაპარაკებების დაწყება უშუალოდ ჰანსი ფლიკის მოთხოვნა იყო, რომელიც თვლის, რომ ქართველი შემტევი ნახევარმცველი მის სათამაშო კონცეფციას იდეალურად მოერგება. კატალონიელების პირველი შეთავაზება 80 მილიონი ევრო გახლდათ, რომელზეც ნეაპოლელებს კონკრეტული პასუხი არ გაუციათ. თავად ხვიჩა პარტენოპეის შეფებისგან მოქმედი კონტრაქტის 2029 წლამდე გახანგრძლივებასა და წლიური ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს ითხოვს მაშინ, როდესაც ნეაპოლელები მხოლოდ 6 მილიონსა და ბონუსებს ჰპირდებიან, ანუ ზუსტად იმდენს, რამდენსაც კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე რომელუ ლუკაკუ იღებს.
პრობლემა მხოლოდ ანაზღაურების რაოდენობაში არ მდგომარეობს - ფეხბურთელის გარემოცვა ითხოვს, რომ ახალ კონტრაქტში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც გამოსასყიდი ფასი 80 მილიონი ევრო იქნება, რასაც აურელიო დე ლაურენტისი კატეგორიულად არ თანხმდება და თვლის, რომ კვარას მსურველი კლუბებისთვის თანხის მინიმალური რაოდენობა 100 მილიონი უნდა იყოს. თემასთან დაკავშირებით საინტერესოა „ნაპოლის“ სპორტული დირექტორის მოსაზრება. ჯოვანი მანა აცხადებს, რომ ისინი აპირებენ ხვიჩას სათანადოდ დაფასებას იმ საოცარი გზისთვის, რომელიც მან მათ გუნდთან ერთად გამოიარა და იმ შემთხვევაში თუ შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდება, არ იჩქარებენ და მოლაპარაკებების მაგიდას ივნისში ხელმეორედ მიუსხდებიან.
„ბარსასთან“ მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე ფაქტორმა შეიძლება შეაყოვნოს. ყველაზე რთული სატრანსფერო ფასზე შეთანხმების მიღწევა იქნება, რადგან ხელშეკრულებაში კონკრეტული თანხა მითითებული არ არის და რამდენად შეაფასებს საკმაოდ მძიმე ხასიათის მქონე დე ლაურენტისი კვარაცხელიას, ამის პროგნოზირება ადვილი არ არის. გარდა ამისა, „ბლაუგრანასთვის“ ვარიანტად რჩება „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის დამატება, რომლის ტრანსფერიც ხვიჩაზე გაცილებით იაფი, 65 მილიონი ევრო ჯდება. თანაც, როგორც უმცროსი-უილიამსი აცხადებს, მას უახლოესი მეგობრები, ლამინ იამალი და ალეხანდრო ბალდე ლამის ყოველდღე ურეკავენ და კატალონიაში გადაბარგებისკენ მოუწოდებენ.
კვარაცხელიასა და უილიამსის ტრანსფერების ჩაშლის შემთხვევაში, „ბარსელონა“ ლეროი ზანესა და მოჰამედ სალაჰის სახით სათადარიგო ვარიანტებზე გადაერთვება. თუმცა, როგორც იქაური გამოცემები ამტკიცებენ, დეკუ სოუზას „ნაპოლის“ ქართველი ლიდერის დამატება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.