ოთარ კაკაბაძე: ეს ქაოსია, ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მსურს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „კრაკოვიას’’ ქართველ ფეხბურთელს, ოთარ კაკაბაძეს პოლონეთში პრესკონფერენციაზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ჰკითხეს. მას შემდეგ რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის შეჩერებაზე განცხადება გააკეთა, მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებია, ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარებაა.
ოთარ კაკაბაძე: „საშობაო არდადეგების გატარებას სამშობლოში ვგეგმავ. ყველა ვხედავთ, რაც საქართველოში ხდება. ეს ქაოსია. მე ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მსურს. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებსა თუ კვირებში ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში დაბრუნდება.
საქართველოში მიმდინარე ამბებს ვეცნობი. ამის ყურება განსაკუთრებით მტკივნეულია მაშინ, როცა სამშობლოდან შორს ხარ. ჩემთვის ამ თემაზე საუბარიც კი მძიმეა’’.
შეგახსენებთ, მიმდინარე მოვლენებზე საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც გააკეთეს კომენტარი.
გიორგი ჩაკვეტაძე: „ძალიან რთული სანახავია, როდესაც ჩემს სამშობლოში ჩემს თანამემამულეებს ასე სასტიკად უსწორდებიან. უნდა შეწყდეს ძალადობა! საქართველოს მომავალი არის ევროპა! ეს გზა მოითხოვს ერთიანობასა და მშვიდობისადმი ერთგულებას! ქართველებო თქვენს გვერდით ვარ!“
ხვიჩა კვარაცხელია: „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მინდა დავაფიქსირო ჩემი, როგორც ერთი მოქალაქის აზრი და პოზიცია. ქართველის ხალხის სურვილი და ნება არის ევროპული გზით სიარული და სვლა, ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია, ერთადერთი სწორი არჩევანი და დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს და არავინ დგას ხალხის ნებაზე მაღლა. მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს!“
ბუდუ ზივზივაძე: „ყოველთვის ვიდექი და ვიდგები საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც იბრძვიან საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ვგმობ ძალადობას და შეუძლებელია იმის ყურება, რაც დღეს საქართველოში ხდება. საქართველო იმსახურებს იყოს ერთიანი და ევროპის ნაწილი. ჩემი შეხედულება არასდროს შეცვლილა, საქართველოს ადგილი ევროპაშია“