ჟოზეს თურქული ფუფუნება - სად ცხოვრობს და რამდენს ხარჯავს მოურინიო
წლევანდელი სეზონის დაწყების წინ, ჟოზე მოურინიომ სტამბოლის „ფენერბაჰჩე“ ჩაიბარა და ჯერჯერობით, მისი მომზადებული გუნდი საჩემპიონო ბრძოლაში აქტიურად არის ჩაბმული, მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „გალათასარაის“ მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ სად ცხოვრობს 61 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრების წესი.
მოურინიო ცხოვრობს სასტუმრო Four Seasons Istanbul Bosphorus-ში, რომელიც სტამბოლის ევროპულ ნაწილში, ბოსფორის სრუტის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს. ფანჯრიდან არაჩვეულებრივი ხედია და ყველაზე იაფიან ნომერში ღამის გათევა 1200 ევრო ჯდება, ჟოზე კი უკვე 4 თვეა აქ ბინადრობს და საერთო ჯამში 171 ათასი ევრო დახარჯა.
ჟოზე ყოველდღე უკვეთავს ქათმის სუპს, ნაყინსა და მინერალურ წყალს. მუშაობს სასტუმროს რესტორანი, სადაც ამზადებენ თევზს, ზღვის პროდუქტებს, აზიური და ევროპული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს. თავად დამოუკიდებლად მხოლოდ ომლეტის გაკეთება იცის და ხშირად სტუმრობს დონერ ქაბაბს.
რაც შეეხება პრესტიჟული სასტუმროს სხვა სერვისებს, მოურინიო სარგებლობს სპა-პროცედურებით და თურქული აბანოთი. ყოველ დილით დახურულ აუზში ბანაობს და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის კლუბის ბაზაზე. ასევე აქვეა უზარმაზარი ფიტნეს-ცენტრი და ელექტრო ავტომობილების დასამუხტი სადგური. სხვათა შორის, მასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, „ფენერბაჰჩემ“ პორტუგალიელ მწვრთნელს სტამბოლის ნებისმიერ წერტილში ძვირადღირებული სახლის შეძენა შესთავაზა, თუმცა ამ უკანასკნელმა სასტუმროში ცხოვრება არჩია.
კერძო სახლში ცხოვრებაზე უარის თქმა ჟოზესთვის პირველი არ არის - როდესაც ის „ჩელსიში“ პირველად მივიდა, კლუბის საწვრთნელი ბაზის, „კობჰემის“ კომპლექსში დასახლდა, რომლის მშენებლობაც მაშინ ბოლომდე დასრულებული ჯერ კიდევ არ იყო. გარდა ამისა, მაშინ პორტუგალიელმა თითოეული ფეხბურთელისგან მოითხოვა, რომ ბაზისგან 6 კილომეტრზე უფრო დიდი მანძილით დაშორებულ მისამართზე არ ეცხოვრათ. დროთა განმავლობაში კი მიდგომები შეცვალა, მანჩესტერში სასტუმრო Lowry Hotel-ში ბინადრობდა, ხოლო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში მეორედ მისვლის შემდეგ საცხოვრებლად ისეთი ადგილი შეარჩია, რომელიც ბაზიდან ერთი საათის სავალის მანძილზე იყო დაშორებული.
საინტერესოა, რომ ჟოზეს მეუღლე მატილდა ამ დრომდე ლონდონშია და ქმარსაც იშვიათად აკითხავს. შეკითხვაზე, თუ რატომ არ წაიყვანა მეუღლე სტამბოლში, მოურინიომ უპასუხა, რომ არ უნდა ვინმემ ახლოდან ინერვიულოს მასზე იმის გამო, რომ სასტუმროში ცხოვრობს. თვლის, რომ სწორედ სასტუმრო და მარტო ცხოვრებაა მისთვის ყველაზე კომფორტული ზონა და როდესაც ეს ყველაფერი აქვს, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტიც ერთიორად იზრდება.