ლაბაძე, სტრიპტიზ-ჩოგბურთი და სიბნელის შიში - საინტერესო ფაქტები რაფა ნადალზე
2024 წელს მსოფლიო ჩოგბურთმა უდიდესი დანაკლისი განიცადა - ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გაუთავებელი ტრავმების მიუხედავად, კორტს ძველებური ბრწყინვალებით დაბრუნებოდა. დაბრუნდა, თუმცა ეს ის რაფაელ ნადალი არ იყო, რომელმაც თავისი საოცარი სათამაშო მანერითა და სტაბილურობით ისტორია დაწერა.
სწორედ აქედან გამომდინარე, ლეგენდარულმა ესპანელმა გადაწყვიტა შეჩერებულიყო ალბათ ყველაზე სწორ დროსა და სწორ მომენტში. ჩოგბურთის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის საინტერესო იქნება ის მნიშვნელოვანი ფაქტები ნადალის შესახებ, რომლის თაობაზეც აქამდე არაფერი იცოდნენ და მათ შორის ფიგურირებს წარსულში ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე, რომელთან შეხვედრაც ესპანელს კარგად არ დაამახსოვრდებოდა.
ფაქტები რაფაელ ნადალზე
კორტზე 1250 ჩოგანი გამოიყენა და არც ერთი არ გაუტეხავს.
მარცხენა ხელით თამაშობდა, მაგრამ ბუნებრივად მემარჯვენე იყო. 12 წლამდე ის ორივე მხარეს ორივე ხელით ურტყამდა, მაგრამ შემდეგ ბიძამისმა და მისმა პირველმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა შეამჩნია, რომ რაფას მიერ მარცხენათი შესრულებული დარტყმისას, ბურთი უკეთესად მიფრინავდა და დაარიგა, რომ ფორჰენდისას მხოლოდ ცაცია გამოეყენებინა.
ტონი ნადალი ძმიშვილს რაფათი არასოდეს მიმართავდა და მხოლოდ რაფაელს ეძახდა.
როგორც თავად რაფა ჰყვება, ტონი ნადალი გამუდმებით ყველაზე მკაცრი იყო მის მიმართ. ბევრს ითხოვდა, გამუდმებით ზეწოლას ახდენდა, ეჩხუბებოდა, უყვიროდა, რაფას კი მისი ეშინოდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტონისთან მარტო რჩებოდა.
მისი მეორე ბიძა მიგელ ანხელ ნადალი „მალიორკას“, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელია. თავად რაფაელიც თავდაპირველად ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი ჩოგბურთის სასარგებლოდ გააკეთა.
მას ეშინია ძაღლების, ღრმა წყლის, ჭექა-ქუხილის და სიბნელის. ამის გამო რაფას ხშირად სძინავს ანთებული შუქისა და ჩართული ტელევიზორის ფონზე.
თიხის საფარზე იმდენი და ისეთი რეკორდი აქვს დამყარებული, რასაც სავარაუდოდ ვერავინ ვერასოდეს მოუხსნის - 14-ჯერ მოგებული როლან გაროსი, ზედიზედ 81 გამარჯვება, მატჩების 90,5 პროცენტის თავის სასარგებლოდ დასრულება, 11 ტიტული მონტე-კარლოში, 10 ტრიუმფი რომში. თიხაზე ნადალის მოპოვებული ტიტულების რაოდენობა (63) წაგებული მატჩების რიცხვს (51) აღემატება.
პატარა ასაკიდანვე ამბობდა, რომ მისი საყვარელი საფარი ბალახი იყო, მთავარი ოცნება კი უიმბლდონის მოგება.
კარიერის დასაწყისში, ნადალმა ითამაშა ცნობილი კოლუმბიელი პოპ-ვარსკვლავის, შაკირას კლიპ Gypsy-ში.
მისთვის პირველ პროფესიულ ტურნირზე რაფას ბადეში მოხვდნენ სიმონე ვანიოცი (იანიკ სინერის მწვრთნელი), ჯონათან ვავრინკა (სტანისლავ ვავრინკას ძმა) და იულიან სვიტოლინი (ელენა სვიტოლინას ძმა).
ჯდებოდა ყოველთვის მანქანის უკანა სავარძელზე, რათა ფეხი კარგად გაეშალა და ქრონიკული ტენდინიტით გამოწვეული მუხლის ტკივილი შეემსუბუქებინა.
რაფამ დიდი სლემის ჩემპიონი პირველად 14 წლის ასაკში დაამარცხა, როდესაც საგამოფენო ტურნირზე 1987 წლის უიმბლდონის გამარჯვებულ პეტ კეშს აჯობა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მეორე დღესვე თავის სპონსორებს დაურეკა და ურჩია, ნადალში ინვესტიცია ჩაედოთ, რაც არ გააკეთეს და ეს ყველაფერი შემდეგ ალბათ ძალიან ინანეს.
24 წლის ასაკში ოთხივე დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ჰქონდა მოგებული - ის დღემდე ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც კარიერული სლემი შეასრულა.
სიგიჟემდე უყვარს შოკოლადი და ეს მისი მთავარი სისუსტეა. „კორტზე თავს იდეალურად ვაკონტროლებ და ჩოგნებს არ ვისვრი. აი, როდესაც სახლში შოკოლადია, თავის შეკავება მიჭირს, რის გამოც მეუღლე მიმალავს“ - ამბობს რაფა.
ახალგაზრდობაში კოკა-კოლას და ნუტელას მიირთმევდა, კარიერის ბოლოს კი სწორ კვებას მიეჩვია, რის გამოც მის მენიუში თევზის, ბოსტნეულის, ბრინჯისა და კარტოფილის ადგილი გამოიძებნა.
2011 წელს, რესტორანში ხელი დაიწვა, რის გამოც მომდევნო ორ ტურნირზე ტრავმირებულმა ითამაშა და მიუხედავად ამისა, ცინცინატის მასტერსზე მეოთხედფინალამდე, ამერიკის ღია პირველობაზე კი ფინალამდე მიაღწია.
ნადალის დედა აცხადებს: „მას სძულს ყველი, პომიდორი, ლორი და ნაციონალური ესპანური კერძი. ლორი არც მე მიყვარს, მაგრამ ყველი? ეს უკვე მეტისმეტია“.
რაფას ტერფის ტრავმა აქვს, ეგრეთწოდებული მიულერ-ვაისის სინდრომი, რის გამოც ფეხის სპეციალური საფენით თამაშობს, რაც მოძრაობისას კინეტიკურ ჯაჭვს ქმნის და მუხლზე პრობლემებიც ამის შემდეგ დაეწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი მიგელ ანხელ ნადალი „ბარსელონაში“ თამაშობდა, რაფა „რეალის“ დიდ ქომაგად ითვლებოდა და 2008 წელს ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგს 209 კვირის განმავლობაში ლიდერობდა, რაც ისტორიაში მეექვსე მაჩვენებელია.
2005 წელს, შტუტგარტის ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მერსედესი აჩუქეს, მაგრამ ბიძამისმა ტონი ნადალმა უთხრა, რომ ახალი ავტომობილი ფარეხში გაეჩერებინა და ისევ ძველით მოძრაობა განეგრძო, რათა ამპარტავანი არ გამხდარიყო.
ბავშვობაში ბიძამისი ცუდ კორტებზე ცუდი ბურთით სპეციალურად ავარჯიშებდა, რათა რაფას ნებისმიერ პირობებში მაღალ დონეზე თამაში ესწავლა.
მამაკაცებს შორის ის ერთადერთი ჩოგბურთელია, რომელმაც ოლიმპიური თამაშები როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა თანრიგში (2016) მოიგო.
როდესაც ავსტრალიის 2017 წლის ღია პირველობის მიმდინარეობისას მის ფიზიკურ პრობლემებზე ჰკითხეს, რაფამ ასეთი პასუხი გასცა: „მე მტკივა ჩემი ცნობილი საჯდომი“.
ყოველი ტურნირის პრეს კონფერენციის დასრულების შემდეგ, სტენოგრამისტებთან მიდიოდა და მადლობას უხდიდა.
რაფასთან ერთად, 2024 წლის დევისის თასის შემდეგ, კარიერა დაასრულა არბიტრმა კარლოს ბერნარდესმა, რომელიც 40 წელი საქმიანობდა. 2015 წელს ნადალს მასთან კონფლიქტი მოუვიდა, რადგან დროის გაყვანაში ადანაშაულებდა და გასახდელში შესვლისა და გამოცვლის საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც მოითხოვა ეს მსაჯი მის მატჩებზე აღარ დაენიშნათ.
რაფა დაიბადა და დღემდე ცხოვრობს მანაკორში, რომლის მოსახლეობაც 50 ათას ადამიანზე ნაკლებია. მას მშობლიური ადგილი იმდენად უყვარს, რომ 2018 წელს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, ქუჩების დასუფთავებაში აქტიურად მონაწილეობდა.
მონტე-კარლოში ტიტული 9-ჯერ დაიცვა, რაც მასტერსებზე ყველა დროის რეკორდია.
2005 წლის აპრილიდან 2023 წლის მარტამდე, 912 კვირის განმავლობაში იყო მსოფლიო რეიტინგის ათეულში, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.
მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრებთან 23 გამარჯვება რაფაელ ნადალის გარდა არც ერთ ჩოგბურთელს არ მოუპოვებია.
რაფას საყვარელი არასპორტული დასვენება თევზაობაა. მას აქვს იახტა, რომელიც თავის დროზე 5 მილიონ ევროდ შეიძინა. იახტას აქვს ფარეხი, ლუდის ონკანი და ასეთი ინფრასტრუქტურის მოწყობა რაფას ჯამში 10 მილიონი დაუჯდა.
კარიერის მანძილზე მის ანგარიშზე 1080 მოგებაა, რაც ჯიმი კონორსის (1274), როჯერ ფედერერისა (1251) და ნოვაკ ჯოკოვიჩის (1124) შემდეგ მეოთხე შედეგია.
ჩოგბურთის თამაში 92 ტიტულით დაასრულა და მასზე წინ მხოლოდ ოთხი მოთამაშე, ჯიმი კონორსი (109), როჯერ ფედერერი (103), ნოვაკ ჯოკოვიჩი (99) და ივან ლენდლია (94).
ზედიზედ ათი წელი მინიმუმ ერთ დიდ სლემს იგებდა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.
ავსტრალიის ღია პირველობაზე ნადალს ბოლოს მაკენზი მაკდონალდმა, როლან გაროსზე - ალექსანდრ ზვერევმა, ამერიკის ღია პირველობაზე კი ფრენსის ტიაფუმ მოუგო. უიმბლდონზე ესპანელი ნიკ კირგიოსთან მატჩს ტრავმის გამო ჩაეხსნა.
რაფა ნადალი საუდის არაბეთის ჩოგბურთის ფედერაციის ელჩია.
2010 წლიდან ის Richard Mille-ის ფირმის საათით თამაშობდა, რომელიც მილიონი ევრო დაუჯდა. 2012 წელს კი ეს საათი მას იმ სასტუმროს ბარმენმა მოჰპარა, სადაც ერთ-ერთი ტურნირის მიმდინარეობისას იყო გაჩერებული.
ტრავმის გამო 48 (16 დიდი სლემი, 32 მასტერსი) ტურნირი აქვს გამოტოვებული და მიუხედავად ამისა, 22 დიდი სლემი და 36 მასტერსი მოიგო, რითაც მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება.
კარიერის მანძილზე ტრავმა სხეულის 12 სხვადასხვა ადგილას მიიღო.
ყოველი ჩაწოდების დროს თავისი რიტუალი ჰქონდა - შორტის უკანა ნაწილის გარდა, მაისურს მარჯვენა და მარცხენა მხარზე ისწორებდა, ცხვირს იწმენდდა, თმას ისწორებდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეჰყავდა ბურთი თამაშში.
2005 წლიდან რაფა ხვდებოდა მარიო ფრანსისკო პერეირას, 2019 წელს ის ამ გოგოზე დაქორწინდა, ხოლო სამი წლის შემდეგ საერთო შვილი, რაფა-უმცროსი შეეძინათ.
2016 წელს თმის გადანერგვის ოპერაცია ჩაიტარა, მაგრამ ფესვები სათანადოდ ვერ განუვითარდა, რის გამოც ენდი მარეიმ საჯაროდ ხუმრობით გამუდმებით სვამდა შეკითხვას, პირველი ის გამელოტდებოდა, თუ რაფა.
ნადალმა ერთხელ ენდი მარეი რესტორანში დაინახა და დაფარული ნომრით ქალის სახელით მიწერა: „ლორდ ენდი, თქვენ დღეს ისეთი სექსუალური ხართ, ცუდია რომ თქვენს გვერდით არ ვიმყოფები“. ამ ყველაფერმა ენდი უზომოდ აანერვიულა, თუმცა შემდეგ ესპანელს ხუმრობას მიუხვდა.
ძალიან უყვარს გოლფი და მალიორკის სამოყვარულო ტურნირი აქვს მოგებული. 2021 წელს, ამერიკის ღია პირველობაზე და გოლფის ერთ-ერთ შეჯიბრებაზე პარალელურად მონაწილეობდა.
მატჩ-პოინტზე ჩამორჩენის შემდეგ, 17 შეხვედრა აქვს მოგებული, რითაც მხოლოდ როჯერ ფედერერი (22) აღემატება.
პროფესიულ დონეზე პირველი შეხვედრა 2001 წლის 11 სექტემბერს და გილერმო პლატელიასთან ხელიდან 13 მატჩ-პოინტი გაუშვა.
პირველი გამარჯვება კარიერაში მომდევნო ტურნირზევე მოიპოვა და 2002 წლის აპრილში, მალიორკის ტურნირის პირველ წრეში იმდროინდელი 81-ე ჩოგანი რამონ დელგადო დაამარცხა.
ყველაზე ძლიერი მოწოდება 2010 წლის ამერიკის ღია პირველობაზე შეასრულა - 217 კმ/სთ.
რაფას უყვარს მიუზიკლები, განსაკუთრებით კი „ოპერის მოჩვენება“, რომელიც ათჯერ მაინც აქვს ნანახი.
2017 წლის მაისიდან 2018 წლის მაისამდე გრუნტზე ზედიზედ 50 სეტი მოიგო, რაც ყველა დროის რეკორდია.
2008 წელს სამ სხვადასხვა საფარზე ის ზედიზედ 32 მატჩი არ მარცხებოდა - რაფასთან გამარჯვებას მეტოქეები როლან გაროსზე, უიმბლდონზე, ჰამბურგის მასტერსსა და კანადის ტურნირზე ვერ ახერხებდნენ გამარჯვებას.
ხშირად თამაშობს პოკერს და Pokerstars-ის სახეა, ასევე უყვარს ესპანური სამაგიდო თამაში Parchis-ი.
კონცერტებზე იშვიათად დადის, თუმცა რამდენჯერმე ხულიო იგლესიასის მუსიკალურ საღამოს დაესწრო.
ცეკვავს მხოლოდ მაშინ, როდესაც რამდენიმე ჭიქა ტეკილა აქვს დალეული.
დიდი სლემის ტურნირებზე რაფას დებიუტი 2003 წელის უიმბლდონზე შედგა და გახდა ბორის ბეკერის შემდეგ ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ამ შეჯიბრების მესამე წრეში გააღწია.
მხოლოდ ექვსი ჩოგბურთელია, რომელთაც ნადალთან დადებითი სტატიტიკა აქვთ - ნოვაკ ჯოკოვიჩი (29:31), ნიკოლაი დავიდენკო (5:6), ბორნა ჩორიჩი (2:3), დომინიკ ჰრბატი (1:3), დასტინ ბრაუნი (0:2) და ალექს კორეჩა (0:2). მიუხედავად იმისა, რომ უპირატესობა მეტოქეს აქვს, რაფას კარიერაში ყველაზე მეტი მატჩი სწორედ ჯოკოვიჩისთვის აქვს მოგებული.
გრუნტზე გამართულ შეხვედრებს თუ ჩავთვლით, რაფასთან დადებითი სტატისტიკით მხოლოდ ოთხი ჩოგბურთელი დაიკვეხნის და მათ შორის ქართველი ირაკლი ლაბაძეა. მის გარდა ესპანელს ალექს კორეჩამ, ოლივიე მუტიჩმა და ანდრეი რუბლევმა აჯობეს - ყველა ეს ჩოგბურთელი რაფაელს მხოლოდ ერთხელ შეხვდა.
2015 წელს, მადრიდის მოედანზე, Tommy Hilfiger-ის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, ცნობილ მოდელ ჟოან ბენტანკურთან ერთად სტრიპტიზ-ჩოგბურთი ითამაშა.
ნადალს ყველაზე კარგი სტატისტიკა რიშარ გასკესთან აქვს - 18:0.
სხვადასხვა ტურნირებს ტრავმის გამო 17-ჯერ ჩაეხსნა, აქედან 10 შემთხვევაში მატჩის მსვლელობისას, 7-ჯერ კი მის დაწყებამდე.