ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

წასვლა უნდა და კლუბის მადლიერი არაა | ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი კვარაზე

ფრანჩესკო ბაიანომ, რომელიც 80-იან წლებში „ნაპოლის’’ ფეხბურთელი იყო, რადიო გადაცემა 1 Football Club-ში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „ნაპოლიმ’’ ქართველი ფეხბურთელი უნდა გაყიდოს, რადგან კვარა გუნდში დარჩენის სურვილსა და კლუბის მიმართ მადლიერებას არ გამოხატავს.

„თუ კვარაცხელიას გუნდში დარჩენა არ სურს, კლუბი მზად უნდა იყოს მის გასაყიდად და ეს თანხა უნდა იყოს მაქსიმალურად დიდი, 80-100 მილიონი ევრო. იტალიურ კლუბებს მისი სახელფასო მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, ახალ კონტრაქტზე საუბარი კი საპნის ოპერას ჰგავს.

ბიჭი არ აჩვენებს მადლიერებას კლუბის მიმართ, რომელმაც ის აღმოაჩინა, როცა უცნობი მოთამაშე იყო. ისტორიულად, „ნაპოლის’’ ბევრად ძლიერი მოთამაშეები გაუშვია. კვარამ მხოლოდ პირველ სეზონში ითამაშა კარგად, ის მარადონა არაა, ჩვენ მის გარეშე თამაში შეგვიძლია’’.

ბაიანოს კომენტარი სუბიქტურია, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტი, უპირველესად ხვიჩა კვარაცხელიას უდიდესი როლი „ნაპოლის’’ გაჩემპიონებაში. თუ „ნაპოლიმ’’ აღმოაჩინა და მიიწვია, ამ ნდობას კვარამ საოცარი სეზონით უპასუხა და მარადონას ეპოქის შემდეგ „ნაპოლი’’ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი.

რაც შეეხება გასულ სეზონს, მიუხედავად იმისა რომ კვარას ტოპ იტალიურ კლუბებთან კარგი სტატისტიკა არ ჰქონდა, კლუბში რამდენიმე სამწვრთნელო ცვლილება განხორციელდა. ამასთან ერთად, ლუჩანო სპალეტის გუნდიდან წასვლის შემდეგ „ნაპოლი’’ შესაბამისად არ გაძლიერებულა. ფეხბურთი გუნდური სპორტია და ამ ტიპის ფაქტორები დიდ გავლენას ახდენს. მაგალითად, „ნაპოლიმ’’ კიმი „ბაიერნში’’ სარფიანად გაყიდა, მაგრამ ეს დანაკლისი კლუბმა ვერ შეავსო, ძლიერი დაცვის ხაზის გარეშე კი დიდი მიზნებისთვის ბრძოლა არარეალურია. მოკლედ, გასული სეზონი „ნაპოლისთვის'' წარუმატებელი იყო, თუმცა პერსონალური სტატისტიკით კვარას ცუდი სეზონი არ ჰქონია, სერია A-ს 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ზაფხულში მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა, „ნაპოლი'' მნიშვნელოვნად გაძლიერდა, კვარას აქტივში იტალიის ჩემპიონატის 14 მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასია. 14 ტურის შემდეგ „ნაპოლი'' პირველზეა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. მხარეებს შორის სამი პრობლემაა წარმოქმნილი. პირველი ხელფასის საკითხია, რასაც ემატება გამოსასყიდი თანხის ოდენობა. „პარტენოპეის“ ხელშეკრულებაში მინიმუმ 100 მილიონი ევროს დაფიქსირება უნდა, ქართველი გარემარბი 80 მილიონს ითხოვს. გარდა ამისა, „ნაპოლის“ სურს, ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ „კვარას“ მომდევნო კლუბმა მისი გასხვისება გადაწყვიტა, „პარტენოპეის“ გარკვეული პროცენტი უნდა დაუთმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გვინდა დავაჯილდოოთ“ | ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას კონტრაქტზე ისაუბრა
„გვინდა დავაჯილდოოთ“ | ნაპოლის სპორტულმა დირექტორმა კვარას კონტრაქტზე ისაუბრა