კრეივენი VS ელ მატადორი | ილია თოფურია მონადირე კრეივენის სარეკლამო რგოლში
13 დეკემბერს, ჯეი სი ჩენდორის ფილმის, „მონადირე კრეივენის“ მსოფლიო პრემიერა შედგება. Sony Pictures España-მ გადაწყვიტა, UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ეთანამშრომლა და მისი მონაწილეობით, ფილმის სარეკლამო რგოლი გადაიღო.
„მონადირე ელ მატადორის წინააღმდეგ კრეივენის სამეფო ტახტისთვის. მზად ხართ უფრო მეტისთვის?“, - ასეთი წარწერა დაურთო ილიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტს.
View this post on Instagram
ვიდეოში, „ელ მატადორს“ კრეივენის სამეფო ტახტი აქვს მისაკუთრებული და მასთან მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი, აარონ ტეილორ-ჯონსონი მიდის. ეს უკანასკნელი ილიას ეუბნება, რომ კრეივენის სამეფო ტახტზე ზის, რაზეც თოფურია პასუხობს: „არა, ეს ტახტი ახლა ჩემია. იცი, რომ მას ვიმსახურებ“.
„კარგი. მაშინ დაამტკიცე“, - ამბობს ტეილორ-ჯონსონი და კადრი „ელ მატადორის“ დარტყმებზე გადადის, რის შემდეგაც ილია მაყურებლებს მიმართავს: „კრეივენისთვის მზად ვარ. თქვენ ხართ მზად?“.
ცნობისთვის, წლეულს, „ელ მატადორმა“ ორი ბრძოლა გამართა. ილიამ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა და ალექსანდრ ვოლკანოვსკი დააფინიშა, შემდეგ კი მაქს ჰოლოუეი დაანოკაუტა და ტიტული დაიცვა. კრეივენს რაც შეეხება, Marvel-ის კომიქსების ამ პერსონაჟის სურვილია, დაამტკიცოს, რომ მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე საშიში მონადირეა.