ისტორია დაწერილია | სპაერმა დინამო თბილისი პენალტების სერიაში დაამარცხა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და „სპაერი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. დამატებითმა ტაიმებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, პენალტების სერიაში კი „სპაერმა“ იმარჯვა - 5:4.
ფინალში, ანგარიში „სპაერმა“ გახსნა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, „დინამო თბილისის“ მეკარემ, მიხეილ მაქაცარიამ უხეში შეცდომა დაუშვა, რომლითაც გიორგი ცეცხლაძემ ისარგებლა და საკუთარი გუნდი დააწინაურა - 1:0.
„დინამო თბილისმა“ მეორე ტაიმში უპირატესობა მოიპოვა და თამაში ხუთწუთიან ინტერვალში შემოატრიალა. 64-ე წუთზე, „სპაერის“ კარი მათე ვაწაძემ აიღო, 68-ე წუთზე კი გოლი საბა ხვადაგიანმა გაიტანა - 2:1. „სპაერმა“ ბოლომდე იბრძოლა. 88-ე წუთზე, ცეცხლაძემ ბრწყინვალედ ითამაშა და საბა გეგიაძემ წონასწორობა აღადგინა 2:2.
დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, პენალტების სერიაში კი გუნდებმა 6-6 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. „სპაერმა“ უპირატესობა მალევე მოიპოვა და „დინამო თბილისის“ მხრიდან პირველი პენალტი ლევან ოსიყმაშვილმა ააცილა. „დინამო თბილისი“ ბრძოლაში მაქაცარიამ დატოვა, რომელმაც ნიკოლოზ კენჭაძის დარტყმა მოიგერია. საბოლოოდ, 5-5 თერთმეტმეტრიანის შემდეგ, ანგარიში 4:4 გახლდათ, „სპაერის“ მხრიდან მე-6 პენალტი ლევან ბარაბაძემ გაიტანა, ბუხუტი ფუტკარაძემ კი ნიკოლოზ უგრეხელიძის დარტყმა მოიგერია და საკუთარი გუნდი საქართველოს თასის გამარჯვებული გახადა.
„სპაერმა“ ისტორია დაწერა და საფეხბურთო ზღაპარი გვაჩუქა. თბილისური კლუბი, რომელიც კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს, საქართველოს თასის გამარჯვებული გახდა და ტიტული არსებობის განმავლობაში, პირველად მოიპოვა!
ფინალამდე, „დინამო თბილისმა“ „იბერია 1999“-ს, „დინამო ბათუმსა“ და „კოლხეთი 1913“-ს აჯობა, „სპაერმა“ კი ხობის „კოლხეთს“, „ლოკომოტივი 2“-ს, „თელავსა“ და „გაგრას“ მოუგო.