მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Four Four Two-ს ტოპ 10-ში
ცნობილმა ჟურნალმა, Four Four Two-მ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ ტოპ 10-ში გიორგი მამარდაშვილიცაა და 24 წლის ქართველი მე-10 პოზიციას იკავებს.
„უმეტეს შემთხვევაში, მეკარეები კარიერის პიკში მაშინ შედიან, როცა 30 წელს უახლოვდებიან. გამომდინარე აქედან, საშიშიც კია იმაზე ფიქრი, რამდენად მაგარ გოლკიპერად შეიძლება გიორგი მამარდაშვილი იქცეს, რომელსაც პიკის პერიოდამდე წლები აშორებს. ლივერპულიდან ვალენსიაში განათხოვრებული 199 სანტიმეტრი სიმაღლის მქონე გოლკიპერი, დაოსტატებულია, მაღალ ბურთებსა და საკუთარ საჯარიმოში თამაშის მხრივ, ისე დაბალი დარტყმების მოგერიების კუთხითაც, რაც მაღალი მეკარეებისთვის შედარებით რთულია.
ევრო 2024-ზე ნაჩვენებმა გარღვევის მომხდენმა თამაშმა, საფეხბურთო სამყაროს მამარდაშვილის შესაძლებლობები დაუმტკიცა. მისი წყალობით, საქართველომ ჯგუფური ეტაპი დაძლია და პლეიოფში გავიდა“, - წერს ბრიტანული ჟურნალი.
გეტყვით იმასაც, რომ „მამარდაზე“ წინ უნაი სიმონი (მეცხრე), ჯანლუიჯი დონარუმა (მერვე), მაიკ მენიო (მეშვიდე), ემილიანო მარტინესი (მეექვსე), მანუელ ნოიერი (მეხუთე), დავიდ რაია (მეოთხე), ედერსონი (მესამე), ტიბო კურტუა (მეორე), ალისონი (პირველი) იმყოფებიან.