„მისი ყველაზე ცუდი ღამის კოშმარი ვარ“ | რა თქვა ევლოევმა თოფურიაზე
UFC-ის მებრძოლს, მოვსარ ევლოევს საჩემპიონო ჩხუბის მიღება და ილია თოფურიასთან დაპირისპირება სურს. დაუმარცხებელ ინგუშს ეჭვი არ ეპარება, რომ ალჯამეინ სტერლინგს მოუგებს და აცხადებს, რომ „ელ მატადორის“ ღამის კოშმარია.
„პატივს ვცემ ილიას და იმას, რაც მან გააკეთა. შესანიშნავი მებრძოლია. მან ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და მაქს ჰოლოუეის მსგავსი ლეგენდები დაამარცხა, მაგრამ საუბარია ლეგენდებზე, რომლებიც მაგარი მებრძოლები წარსულში იყვნენ, შემდეგ კი სერიოზული ზიანი მიიღეს და მათმა დონემ დაიკლო.
არ მგონია, ვოლკი და ჰოლოუეი წარსულში დაემარცხებინა. მე ილია თოფურიას ყველაზე ცუდი ღამის კოშმარი ვარ. მასთან ერთად ოქტაგონზე შემიშვით და ამას დავამტკიცებ“.
ცნობისთვის, ევლოევს კარიერაში 18 ორთაბრძოლა აქვს გამართული და ყველაში გაიმარჯვა. მოვსარს UFC-ში 8-ჯერ უჩხუბია და ყველაში მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო. იგი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 15-ში მეხუთე პოზიციას იკავებს. მისი და „ალჯოს“ დაპირისპირებას მოახლოებულ უქმეებზე ვიხილავთ.