სუპერლიგა
Aa
Aa

სუპერლიგაზე მუშაობა გრძელდება - პროექტში ჩართვა 60 კლუბს სურს

Mundo Deportivo-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, სუპერლიგის ორგანიზატორები პროექტზე მუშაობას აგრძელებენ და უკვე 100-ზე მეტ კლუბთან გამართეს მოლაპარაკებები, საიდანაც დაახლოებით 60-მა კლუბმა პროექტში ჩართვის სურვილი გამოთქვა.

რას წერს გამოცემა:

მადრიდის „რეალის“ ასამბლეაზე კლუბის პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ არაერთი კლუბი მზადაა, სუპერლიგის პროექტში ჩაერთოს, თუმცა ისინი პირველ დივიზიონში მოხვედრის კრიტერიუმების გადახედვას ითხოვენ. კერძოდ, არსებობს სურვილი, რომ სუპერლიგის პირველ დივიზიონში კლუბები დამსახურების მიხედვით მოხვდნენ. მაგალითად, თუ ლილი საფრანგეთის ჩემპიონი გახდება, მას პირველ დივიზიონში თამაშის უფლება უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ მადრიდის სასამართლომ და შემდეგ ევროკავშირის სასამართლომ სუპერლიგის სასარგებლოდ მიიღეს გადაწყვეტილებები და მის ინიციატორებს „მწვანე შუქი“ აუნთეს. მოსალოდნელია, რომ ინგლისური ტოპკლუბები პროექტს შეუერთდებიან, ისევე როგორც „იუვენტუსი“, რომელიც თავიდანვე „რეალსა“ და „ბარსელონასთან“ ერთად სუპერლიგის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. ასევე ცნობილია, რომ პროექტის მოწინააღმდეგეები არიან „პარი სენ-ჟერმენი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბაიერნი“, თუმცა ამ უკანასკნელის პოზიცია შეიძლება შეიცვალოს, თუ სუპერლიგის დივიზიონებს შორის აღზევება-დაქვეითების წესები უფრო „დემოკრატიული“ გახდება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს იმაზე მსჯელობა, ხომ არ არის შესაძლებელი მატჩების რაოდენობის შემცირება, რათა ჩემპიონს 19 მატჩის გამართვა არ მოუწიოს. ამჟამინდელი წესდებით, 16-გუნდიანი დივიზიონი ორ ჯგუფად იყოფა, სადაც თითოეული გუნდი 14-14 მატჩს გამართავს. ამის შემდეგ ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები ერთმანეთს ორმატჩიან მეოთხედფინალში შეხვდებიან, ნახევარფინალი და ფინალი კი ერთმატჩიანი იქნება. ასეთ შემთხვევაში ჩემპიონი 19 მატჩს გამართავს, მაშინ როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მატჩების მაქსიმუმი 17-ით შემოიფარგლება.

ასევე ცნობილია, რომ სუპერლიგის მატჩების გამართვა შუა კვირაში იგეგმება, ვინაიდან უქმეებზე კვლავ ეროვნული ჩემპიონატების მატჩები გაიმართება. ტურნირის დასაწყისის დედლაინები 2025 წლის სექტემბერი ან 2026 წლის სექტემბერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად იქცა“ - რივალდო გადატვირთულ კალენდარზე
„ფეხბურთი დიდი ხანია ბიზნესად იქცა“ - რივალდო გადატვირთულ კალენდარზე