მაისური გამოაცვლევინეს - სკანდალი უკრაინულ-რუსული დაპირისპირების დროს
ბრაზილიაში მიმდინარე ჩელენჯერის საჩოგბურთო ტურნირზე, რომლის პირველ წრეშიც უკრაინელმა ოლექსანდრა ოლეინიკოვამ ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი ალევტინ იბრაგიმოვი 6:4, 6:0 დაამარცხა, სერიოზული სკანდალი მოხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, WTA-ს ხელმძღვანელებმა გამარჯვებული ჩოგბურთელი აიძულეს გამოეცვალა მაისური, სადაც საკუთარი ვებ-გვერდის წარწერა იყო დატანილი, რომლის საშუალებითაც ის უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო დრონების შესაძენად შემოწირულობებს აგროვებს. მომხდარით უკრაინელი ჩოგბურთელი აღშფოთებას ვერ მალავდა.
ოლექსანდრა ოლეინიკოვა
ყველამ იცის რომ ამ საქმიანობით უკვე დიდი ხანია დაკავებული ვარ, რის წყალობითაც უკრაინელი ჯარისკაცების დასახმარებლად საკმაოდ სოლიდური თანხა არაერთხელ შევაგროვე. თუმცა, ჩემი ბოლო გამარჯვების შემდეგ, აგრესორ სპორტსმენზე, რომელიც ნეიტრალური ათლეტის სტატუსს იყო ამოფარებული, სუპერვაიზერმა მაიძულა ფორმა გამომეცვალა და მისი დემონსტრირება მომდევნო მატჩებში მომეხდინა.
არც მე და არც ჩემი ვებ-გვერდის ხელმძღვანელები WTA-ს პოზიციას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. მათი წესები საკმაოდ ბუნდოვნად არის დაწერილი, რის გამოც გასაჩივრებას აზრი არ აქვს. თუმცა, მე მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და მოვიფიქრო პროტესტისა და ამავდროულად თანხის შეგროვების ის ოპტიმალური ფორმა, რომელზეც უკვე ვერანაირი პრეტენზია ვერ ექნებათ.
სუპერვაიზერმა 23 წლის ოლეინიკოვას უთხრა, რომ მაისურის დემონსტრირება მომდევნო შეხვედრებისთვის გადაედო, თუმცა მას ამის გაკეთების საშუალება არ მიეცა, რადგან მეორე წრეში პოლონელ მაია ჰვალინსკისთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.