მიკელ არტეტა, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

არტეტას შთამბეჭდავი შედეგი მანიუსთან - ამორიმმა ბრწყინვალე სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერ ლიგის XIV ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „არსენალმა“ საკუთარ სტადიონზე „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხა, ლიდერი „ლივერპულის“ ფეხის დაცდენით კარგად ისარგებლა და მერსისაიდელებთან ქულათა სხვაობა შვიდამდე შეამცირა. „მეთოფეების“ ესპანელი დამრიგებელი მიკელ არტეტა კი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - ის „კანონირების“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც „წითელ ეშმაკებს“ ზედიზედ 4-ჯერ მოუგო. მთლიანობაში კი უნდა აღინიშნოს, რომ ბასკი სპეციალისტი პრემიერ ლიგაში ამჟამად მომუშავე მის კოლეგებს შორის „იუნაიტედთან“ მატჩებში დაფიქსირებული რეზულტატით საუკეთესოა - მისი ხელმძღვანელობით გამართული 10 მატჩიდან „არსენალმა“ „მანიუ“ 7-ჯერ დაამარცხა, 1 თამაში ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2-ჯერ წააგო.

რუბენ ამორიმის ხელმძღვანელობით „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველი მარცხი განიცადა, პორტუგალიელმა კი ერთი ბრწყინვალე სერია დაასრულა - მისი მომზადებული კლუბები შიდა ჩემპიონატში 34 მატჩი (31 მოგება, 3 ფრე) არ მარცხებოდნენ და „ემირეტსზე“ წაგებით ეს სვლა შეჩერდა. ბოლოს ახალგაზრდა პორტუგალიელ სპეციალისტს ჩემპიონატში 2023 წლის 9 დეკემბერს ჰქონდა წაგებული, როდესაც მისი გაწვრთნილი „სპორტინგი“ „ვიტორია გიმარაეშთან“ (2:3) დამარცხდა. ამორიმმა აღნიშნა, რომ მათ ცუდად არ უასპარეზიათ, უბრალოდ თამაში სტანდარტებმა მოკლა. პრინციპში ეს გასაკვირი არც არის, რადგან 2023 წლის ზაფხულიდან მოყოლებული, „არსენალს“ კუთხურის გათამაშების შედეგად 22 გოლი აქვს გატანილი, რაც ინგლისის ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელია.

რაც შეეხება არტეტას, მან აღნიშნა, რომ ასეთი დონის მეტოქესთან გამარჯვება მუდამ სასიხარულოა, თუმცა მოგებით კიდევ უფრო ბედნიერები გახდნენ მას შემდეგ, როდესაც შეიტყვეს, რომ „ლივერპულმა“ „ნიუკასლთან“ გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა. მომდევნო ტურში „მეთოფეები“ ლონდონურ დერბიში სტუმრად „ფულჰემს“ შეხვდებიან, „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი „ნოტინგემ ფიორესტს“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი: ჯერ კიდევ დიდხანს დავიტანჯებით
ამორიმი: ჯერ კიდევ დიდხანს დავიტანჯებით